არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით ნებისმიერ ჩვენს მხარდამჭერს გაუჭირდება IRI-ის კვლევის შედეგების დაჯერება, 2024 წელს ერთად გადავამოწმებთ, ვის რა მხარდაჭერა აქვს
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით ნებისმიერ ჩვენს მხარდამჭერს გაუჭირდება IRI-ის კვლევის შედეგების დაჯერება, 2024 წელს ერთად გადავამოწმებთ, ვის რა მხარდაჭერა აქვს

მინდა, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურო საერთაშორისო ორგანიზაციასა და ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ, ცხადია, პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით არათუ ჩვენ, არამედ საქართველოში ნებისმიერ ჩვენს მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება და ისე მიღება, როგორც არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ IRI-ის კველევებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე გამოჩნდება, რომელ პარტიას როგორი მხარდაჭერა აქვს.

„გვახსოვს, ეს კვლევები შვიდჯერ, რვაჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით და გამოჩნდა, რომ ის აცდენილი იყო რეალობას. რა თქმა უნდა, ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს, ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობა“ როცა დაშლის პირასაა და შიგნით გაყოფა-გადანაწილებით არის დაკავებული, წარმოუდგენელია, ეს რეიტინგიც კი ჰქონდეს. პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს წარმატებული და, მით უმეტეს, გამარჯვებული, ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს. პირიქით, ჯერ პარტია უნდა იყოს წარმატებული, რომ კვლევაში მისი რეიტინგი აისახოს. იმ ფონზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხდება, უხარიათ, რომ 14-პროცენტიანი რეიტინგი არსებობს, რაც მათთვისაც კი რეკორდია. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პარტიის დღევანდელ ლიდერებს ეს რეიტინგიც კი უხარიათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძე ამბობს, მმართველ გუნდს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს ამომრჩეველთან და იცის, ხალხს რა აწუხებს.

„ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან და ვიცით, რა სამუშაო ჩავატარეთ და რა პრობლემები, გამოწვევებია, რაზეც ვმუშაობთ. შესაბამისად, ჩვენ უფრო ობიექტური ინფორმაცია გვაქვს, რა განწყობებია საზოგადოებაში. არა მხოლოდ ორკვირიან კვლევებს, არამედ თვეების განმავლობაში ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან. არჩევნების რეალურ შედეგებს ველზე ჩატარებული კვლევის შედეგები ამდენჯერ რომ აცდენილიყო, IRI-ის ადგილზე დავფიქრდებოდი იმ ორგანიზაციაზე, ვისაც უკვეთავს ასეთი კვლევების ჩატარებას ველზე. ფაქტია, შვიდი-რვა არჩევნების შემდეგ ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები არ ემთხვევა რეალობას. რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიები კვლევებით ქმნიან დღის წესრიგს. ალბათ შიგნითაც ერთმანეთში ვაჭრობენ ამ შედეგებით. ეს მათი საქმეა, მაგრამ როცა არც სხვა დღის წესრიგი და არც არჩევნებში გამარჯვების იმედი გაქვს, მაშინ შეიძლება მხოლოდ კვლევებით ააწყო პარტიული საქმიანობა, მაგრამ კვლევებით გამარჯვებული და წარმატებული პარტია ჯერ არ გვინახავს. ამ ორგანიზაციის შედეგები შვიდჯერ-რვაჯერ გადამოწმდა არჩევნებით, სადაც „ქართულ ოცნებას“ დაბალ შედეგს უწინასწარმეტყველებდნენ და ხშირ შემთხვევაში – უმრავლესობის დაკარგვასაც, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჩვენს პარტიას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს ერთად აღებულს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი – „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“-  ერთი პროცენტი. „პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას ერთ პროცენტზე ნაკლები დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.