არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკოსებს, რომლებიც ღიმილისმომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, პირველ რიგში, დაუჯერონ ცესკო-ს შედეგებს
ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილისმომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, პირველ რიგში, დაუჯერონ არჩევნების შედეგებს, რომელსაც საზოგადოებას აწვდის ცესკო და დაემორჩილონ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეების არჩევანს ვერ შეცვლის ვერც ერთი რადიკალური პოლიტიკური ძალა.
„მოქალაქეებმა ცხადად უთხრეს ყველას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ მშვიდობიანი განვითარება სურთ. ამ არჩევანს, რომელიც არის უზენაესი და ყველაზე ძლიერი დემოკრატიაში, ვერ შეცვლის ცალკე აღებული რადიკალური პოლიტიკური ძალა. ამიტომ ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილისმომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, რომ პირველ რიგში, დაუჯერონ არჩევნების შედეგებს, რომელსაც საზოგადოებას აწვდის ცესკო და დაემორჩილონ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას.
„ამ არჩევნების მთავარი დამსახურება ის არის, რომ საქართველომ გადადგა წარმატებული ნაბიჯი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ. ეს ნიშნავს უფრო მეტ ნდობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი მოქალაქეების მეტ მონაწილეობას ქვეყნის მართვის პროცესში. რასაკვირველია, ეს პირდაპირ აისახება დადებითად ჩვენი ქვეყნის მომავალზე. მინდა, მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, ლიდერებს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გამარჯვება. ჩვენ მომდევნო დღეებში უკვე ვეცდებით, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ მომავალ წარმატებებში.
კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში რჩება არაერთი პრობლემა, არაერთი ოჯახი, ვისაც სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა და ჩვენ ამ საქმეს ხვალიდანვე შევუდგებით. საქართველომ დაამტკიცა, რომ თუნდაც პანდემიის პირობებში, შეუძლია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა თავიანთი ხმა გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას. თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვა, წარმატებები საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკის აღდგენა და დაბრუნება განვითარების იმ ტემპებში, რომელშიც ვიყავით, ინფრასტრუქტურის შემდგომი განახლება და რაც მთავარია, სამართლიანი ურთიერთობები სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის – ეს ყველაფერი გარანტირებული იქნება.
მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ობიექტურ და დამოუკიდებელ ჟურნალისტს, ყველა ობიექტურ მედიას, ვინც დღეს ამ პროცესს აშუქებდა, ვინაიდან ინფორმაცია იყო გადამწყვეტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ოთხივეს შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა.