არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკაში დაბრუნებაზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება დაეხმარება ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული ამოცანების შესრულებაში
პოლიტიკაში დაბრუნებაზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება დაეხმარება ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული ამოცანების შესრულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის დღევანდელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ძალიან მკაფიოდ განმარტა ის საფუძველი და არგუმენტაცია, რაც იყო წამყვანი ამ გადაწყვეტილებისთვის.
„ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას იმ სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე, რომელზეც ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება კონსოლიდაციაში და იმ მნიშვნელოვანი გეგმების შესრულებაში, რისი პირობაც მივეცით საზოგადოებას. ეს იყო ძალიან პოზიტიური სიახლე მთელი საზოგადოებისთვის და დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის, ეს გადაწყვეტილება მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მან ძალიან მკაფიოდ განმარტა ის საფუძველი და არგუმენტაცია, რაც იყო წამყვანი ამ გადაწყვეტილებისთვის. მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ დღეს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ოპოზიცია მოშლილია. ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ ოპოზიციამ დაკარგა თავისი დემოკრატიული ფუნქცია, რომ აკონტროლოს ხელისუფლება, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას და გადაიქცა მხარედ, რომელიც დეზინფორმაციით, დაპირისპირებით და საზოგადოებრივ აზრზე ძალადობით ცდილობს, თავის მიზნებს მიაღწიოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიციამ უარი თქვა თავის დემოკრატიულ როლზე და ის გადაიქცა ანტისაზოგადოებრივ და ანტისახელმწიფოებრივი პროცესის წამყვანად.
„ამაზე გაკეთდა დღეს ძირითადი აქცენტი. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში პრობლემაა პოლიტიკური პროცესისთვის და იმ ფონზე, როდესაც წინ არის მნიშვნელოვანი ამოცანები და რეგიონში არის მომატებული რისკები და გამოწვევები, თუმცა მთავარი არგუმენტები იყო- საქართველოს სტრატეგიული ამოცანები, ევროინტეგრაცია და საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში, შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა. მე დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ეს ამოცანები მიღწეული იქნება.
ოპოზიციისთვის სახელმძღვანელო ციტატები არის ის ციტატები, რომელსაც კუბილიუსი, ქალბატონი რასა და სხვა რამდენიმე ოპონენტი აკეთებდა ევროპარლამენტიდან. ეს არ არის საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის სახელმძღვანელო და ვერ გახდება სამაგალითო შეფასება. ეს არის ცალკეული, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები. საბოლოო სიტყვა ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით თქვა, როდესაც მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, როდესაც შეფასებით ანგარიშში ითქვა, რომ საქართველო უნდა გახდეს წევრობის კანდიდატი და ჩვენ განვაგრძობთ გზას ევროინტეგრაციისკენ, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.