არჩილ თალაკვაძე - პოლიციელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მზადყოფნა და თავდადება ყველაზე რთულ მომენტში, კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, წელს, პოლიციელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მზადყოფნა და თავდადება ყველაზე რთულ მომენტში, კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად.
„ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! ყოველდღე, პოლიციელის მუნდირთან ერთად, თქვენ ატარებთ უდიდეს პასუხისმგებლობას – დაიცვათ ჩვენი საზოგადოება, ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება და ღირსება. თქვენი პროფესია ზოგჯერ, დღეების განმავლობაში მოთმინებას, უდიდეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს დანაშაულთან ბრძოლის და მისი პრევენციისთვის, ზოგჯერ კი წამის მეათედში ითხოვს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეს შორის გადის. სწორედ ამის გამო, ქედს ვიხრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების წინაშე. მათ ოჯახებს და შვილებს მინდა ვუთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან! საზოგადოება, რომელსაც თქვენმა მეუღლეებმა და მშობლებმა შესწირეს თავი მადლიერია და ქვეყანა, რომელსაც ისინი ემსახურნენ, ამაყობს თავისი გმირებით. პოლიციელი გმირია!
წელს, პოლიციელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მზადყოფნა და თავდადება ყველაზე რთულ მომენტში, კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი ქვეყნის წარმატება, ჩვენი საზოგადოების დაცვა ამ საფრთხისგან, უკვე არის თქვენი დიდი დამსახურებაც.
საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით და გილოცავთ პოლიციელის დღეს! უკლებლივ ყველა საპოლიციო დანაყოფს, სამინისტროს და შინაგან საქმეთა მინისტრს გაქვთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის და მართლწესრიგის დაცვის საქმეში“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.