არჩილ თალაკვაძე - პოლიციაში მუდმივად მიმდინარეობს რეფორმები, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება
ოპოზიციას არ აინტერესებს მომავალში რა უნდა გაკეთდეს, მათ არც შეთავაზება აქვთ, არც ინტერესი, რომ დაგეგმილ ნაბიჯებზე დასვან კითხვები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ინტერპელაციის წესით პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებების პასუხად განაცხადა
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს რეფორმებს, რომელიც ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ყველა სახელმწიფოს აქვს.
„ყველა სახელმწიფოს აქვს კრიმინალთან ბრძოლის, დანაშაულთან ბრძოლის გამოწვევა და ის აქვს საქართველოსაც, მაგრამ მნიშვნელოვანია რას აკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით. ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ეს არის ადამიანის უფლებების რეფორმა, რომელიც არასოდეს ყოფილა თქვენი ხელისუფლების პირობებში პრიორიტეტი. ეს არის პრევენციული მიმართულებები, მართლწესრიგის ოფიცერი, ვიდეო მონიტორინგის ახალი სისტემა, საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც ზუსტად მიზეზებზე არის სწორება და ის, რომ კრიმინალური სამყარო იქვე, პრევენციულად ამ საკანონმდებლო ცვლილებებში არის ზუსტად მიმართული. კონკრეტული ქმედებებია ჩადებული, როცა კრიმინალური სუბკულტურას თუ კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას ვეხებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, შს სამინისტროში სხვა მნიშვნელოვანი რეფორმებიც ტარდება, ეს არის ტექნოლოგიური გადაიარაღება, ეს არის ოპერატიული მართვის გაუმჯობესება.
„რა კეთდება პროკურატურის მიმართულებით – პროკურატურის რეფორმა, დამოუკიდებლობის გაძლიერება, საკადრო განახლება, ეს არის კომპლექსური მიდგომა, რადგან ერთი სამინისტრო, ერთი უწყება, დანაშაულს ვერ დაამარცხებს. რა კეთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ? უსაფრთხოების მიმართულება ნახეთ, ტერორისტთან ბრძოლა ნახეთ, ნახეთ იმ რისკებთან გამკლავება, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეფორმების შედეგად სისტემა რესოციალიზაციაზე მიმართულებებზეა ორიენტირებული, რაც რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ მიდგომებთან.
„სისტემა, რომელიც იყო შექმნილი, წარმოშობდა უფრო მეტ დამნაშავეს, წარმოშობდა უსამართლოდ გაბრაზებულ ადამიანებს. ისინი ვერ იგებდნენ სახელმწიფო რატომ სცემდა და აწამებდა საკანში. ეს ადამიანები დღეს ჩვენს საზოგადოებაში არიან და ისინი არიან ტრავმირებულები. ამან გამოიყო უკუეფექტი არავითარი დანაშაულთან ბრძოლის და მისი დამარცხების ილუზია ჩვენ აქედან არ გვქონდა“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც წლების წინ ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდნენ, წლების წინ აღრიცხული დანაშაულების სტატისტიკაც გააცნო.
„192 დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 1154 დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, 267 დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, და ეს ყველაფერი 2011 წელს. 2011 წელს საშუალოდ 88 დანაშაული ხდებოდა დღეში და მგონი ესეც რომ წაგეკითხათ არ იქნებოდა ცუდი. იქვე უნდა მოყვეთ, რას აკეთებს სახელმწიფო, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო, მხოლოდ ჩვენი პოლიციელები.ეს არის თქვენი პოლიცია, თქვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენი მთავრობაც. ეს ადამიანები იცავენ თქვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, ქვეყანაში პოლიციის საქმიანობა შეუფასებელია და წარმოუდგენელია თუნდაც ერთი დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციელების საქმიანობის გარეშე.
„ვერანაირი ხელფასი გადაიხდის იმ რისკს და იმ თავდადებას, რომელსაც პოლიციელები ყოველდღე თავის სამსახურში იჩენენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი აკეთებენ“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე განცხადებით, პოლიცია სისტემურ განახლებას და რეფორმირებას მუდმივად საჭიროებს.
„პოლიცია არის მიმართულება, სადაც არ შეიძლება გაჩერება. აქ მუდმივად რეფორმები მიმდინარეობს, რასაც სჭირდება მხარდაჭერა, არა ასეთი დეპრესიული და ნიჰილისტური მიდგომები, როგორსაც თქვენი მხრიდან ვხედავთ პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.