არჩილ თალაკვაძე - პოლიცია მძევლების გათავისუფლებას როცა ცდილობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მათ დასცინოდნენ, კასრების ავტორებისგან ეს არავის გაუკვირდება
ქუთაისში პოლიციამ წარმატებით ჩაატარა სპეცოპერაცია, რომელიც თავდამსხმელის განეიტრალებას და მოქალაქეების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დღემ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ ხელისუფლების მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.
„რთული დღე იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ზრუნვა პირველ რიგში, ადამიანზე. ყველა რთული საქმე შედეგით ფასდება და შედეგი არის ის, რომ პოლიციამ ყველა მძევალი გაათავისუფლა და თავდამსხმელი დააკავა. ოპერაცია მსხვერპლის გარეშე ჩატარდა. მინდა, მეც ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს და პირადად შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს, ვინც სპეცოპერაციის ჩატარების დროს მოადგილეებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
იმ ფონზე, როცა, სამართალდამცველები საკუთარი სიცოცხლის ფასად, მძევლების გათავისუფლებას ცდილობდნენ, მთელი ქვეყანა კი მათ გულშემატკივრობდა – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი თანამოაზრეები პოლიციელებს აკრიტიკებდნენ და დასცინოდნენ. მეტიც, ვნახეთ კოორდინირებული მცდელობები, ხალხისთვის შეესაღებინათ მორიგი სამარცხვინო დეზინფორმაცია, თითქოს ეს ყველაფერი „დადგმული“ იყო. მოდელირებული ომის, ტყეში შენახული კასრების და ფატალურად დასრულებული არაერთი საქმის ავტორებისგან ეს არავის გაუკვირდება, თუმცა რეაქცია ყოველთვის საჭიროა ასეთ უმსგავსობაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.