არჩილ თალაკვაძე - პირველად ხდება, როდესაც პოლიტიკურმა სპექტრმა მოახერხა პროცესის ჩატარება კონსტრუქციულ გარემოში და ძირითად საკითხზე შეთანხმება
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა გაგრძელდება საპარლამენტო განზომილებაში, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ კონკრეტულ ფორმულირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით დასრულდა საჯარო განხილვები და მმართველი გუნდსა და ოპოზიციას შორის დღეს გაიმართა შემაჯამებელი სხდომა.
„მხარი დავუჭირეთ ოქმს, სადაც ამ საჯარო დისკუსიის შედეგები არის ასახული. პოლიტიკურ სპექტრში ერთმნიშვნელოვნად აქვს მხარდაჭერა, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის პარტიების. რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობა გაგრძელდება საპარლამენტო განზომილებაში, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ კონკრეტულ ფორმულირებაზე. ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეხვედრების დროს ყურადღება გაამახვილეს, თუ როგორ იქნება რეგიონების ინტერესები ასახული ახალ, პროპორციული წესით არჩეულ პარლამენტში. ბლოკებისა და ბარიერის საკითხებიც იყო განხილული. ეს ყველაფერი სწორად ჩამოყალიბებული გადაეცემა უკვე პარლამენტს ამ კომისიის მხრიდან და პარლამენტი ამ საკითხებზე იმსჯელებს. პირველად ხდება, როდესაც მაგიდის გარშემო პოლიტიკურმა სპექტრმა მოახერხა პროცესის ჩატარება კონსტრუქციულ გარემოში, მოახერხა ძირითად საკითხზე შეთანხმება და იმედს გამოვთქვამ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც ეს შეთანხმება იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ნათლად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.
„მათი შემოთავაზებაა, რომ ბლოკებიც დარჩეს, თუმცა ბლოკებთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკურ სისტემას აქვს საკმაოდ უარყოფითი გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზეც ვიმსჯელოთ საპარლამენტო განხილვების დროს, თუმცა პოლიტიკურ გაერთიანებას არც არჩევნებამდე, არც არჩევნების შემდეგ უკვე პარლამენტში შესულ პარტიებს კანონმდებლობა არ უკრძალავს. მათ შეუძლიათ, ერთი სუბიექტი ჩამოაყალიბონ და ისე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა, რადგან ოპოზიციამ ეს შეთავაზება მაინც დააფიქსირა, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამაზე იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.