არჩილ თალაკვაძე - პირბადე სავალდებულო იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტში და ისეთ დახურულ სივრცეში, სადაც მოქალაქეთა კონტაქტების ალბათობა ძალიან მაღალია
მთავრობას უკვე დაევალება, რომ შეიმუშაოს კონკრეტული ჩამონათვალი იმ ადგილების და იმ კრიტერიუმების, სადაც პირბადის გამოყენება იქნება სავალდებულო, ეს ჩამონათვალი განისაზღვრება ისე, რომ არ შექმნას მოქალაქეებისთვის ზედმეტი დისკომფორტი და მაქსიმალურად აღმოფხვრას ორმაგი ინტერპრეტაციების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ცალსახაა და არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ პირბადის გამოყენება, რასაკვირველია, მკვეთრად ამცირებს ინფექციის გადადების რისკს.
„ზუსტად ნახევარი საათის წინ, ვიდრე ჩვენ ბიუროს სხდომაზე შევიკრიბებოდით, მიმდინარეობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სესია, პირდაპირი ტრანსლაცია იყო ჩართული, სადაც ზუსტად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი ექსპერტები საუბრობდნენ პირბადის გამოყენებაზე, მასთან დაკავშირებულ წესებსა და მის მნიშვნელობაზე. მივესალმები მსჯელობას, რომელიც გუნდში იყო ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ჩემი თხოვნაც სწორედ ეს იყო, რომ ჯარიმას ორი კრიტერიუმისთვის ეპასუხა, პირველი ჰქონოდა პრევენციული ეფექტი და მეორე ჩვენი საზოგადოების, მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე ის არ ასახულიყო გაუარესების თვალსაზრისით. რასაკვირველია, მივესალმები, რომ გუნდში იყო მსჯელობა და საბოლოო ჯამში ჯარიმის საორიენტაციო ოდენობაზე გუნდში შეთანხმება არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება იქ, სადაც ინფექციის გავრცელების რისკი მკვეთრად მაღალია, ასეთია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დახურული სივრცე, სადაც მოქალაქეთა შორის კონტაქტების ალბათობა ძალიან მაღალია.
„მაგალითად, ასეთი არის სავაჭრო ცენტრები და შოპინგ-მოლები. შესაბამისად, ის ინტერპრეტაციები, რაც კვირის განმავლობაში მოვისმინეთ, რომ პირბადემ შეიძლება გარკვეული უხერხულობა შექმნას პირად სივრცეებში ან უნდა ეკეთოს თუ არა ეს ადამიანს ქუჩასა და ღია სივრცეში, ეს ყველაფერი, შემიძლია გითხრათ, რომ იქნება მოხსნილი მაშინვე, როგორც კი ამ კანონპროექტს დავამტკიცებთ. მთავრობას უკვე დაევალება, რომ შეიმუშაოს კონკრეტული ჩამონათვალი იმ ადგილების და იმ კრიტერიუმების, სადაც პირბადის გამოყენება იქნება სავალდებულო, ეს ჩამონათვალი განისაზღვრება ისე, რომ არ შექმნას მოქალაქეებისთვის ზედმეტი დისკომფორტი და მაქსიმალურად აღმოფხვრას ორმაგი ინტერპრეტაციების შესაძლებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.