არჩილ თალაკვაძე - პატრიარქი მრავალწლიანი ღვაწლით არის დღეს ჩვენს წინაშე, ის აშენებდა გზებს და ხიდებს ადამიანებს შორის, აშენებდა ჩვენს ქვეყანას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკავაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავი მიულოცა და მას გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
არჩილ თალაკვაძემ ილია მეორეს დღეგრძელობა უსურვა.
„გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღეს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა, ვულოცავ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს და მეც, როგორც ერთი მოქალაქე, ერთი შვილი ჩვენი დიდი ოჯახის, მადლობას ვუხდი მას დიდი ღვაწლისთვის. ამ წლების განმავლობაში იყო ეკლესია-მონასტრების შენება, იყო რწმენაში დაბრუნება, იყო ბევრი ნუგეში, ჩვენი თანამოქალაქეების შემოერთება და მათი გაძლიერება საზღვარგარეთ, იყო ქართული ჭეშმარიტი ტრადიციების გაძლიერება, საგალობლების აღდგენა, მისი გამოყენება უკვე ეკლესია- ტაძრებში და ბევრი სხვა საქმე, რასაც ჩვენს ენაზე, ჩვენს მადლიან ქართულ ენაზე ეწოდება ღვაწლი და სწორედ კათოლიკოს-პატრიარქი დღეს მრავალწლიანი ღვაწლით არის ჩვენს წინაშე. მინდა, თავმდაბლად მივულოცო მას და ვუსურვო დღეგრძელობა. იყო წლები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ინგრეოდა, ინგრეოდა ის, რაც წლების განმავლობაში ააშენეს ჩვენმა წინაპრებმა, იყო ძმათა შორის დაპირისპირება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანასაც გადმოეცა ახალი იმედი, ახალი რწმენა, დაიწყო სახელმწიფომ ხიდების შენება, გზების შენება და პატრიარქიც აშენებდა ხიდებს მხოლოდ ადამიანებს შორის, პატრიარქიც აშენებდა გზებს, ოღონდ ჩვენს შორის, პატრიარქი აშენებდა ჩვენს ქვეყანას და მინდა, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. გილოცავთ ყველას და დღეგრძელობა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორის აღსაყდრების 42 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ჩატარდა.