საკონსტიტუციო რეფორმისა და მნიშვნელოვანი დემოკრატიული ცვლილებების გატარების შემდეგ, დღეს, IX მოწვევის პარლამენტი, დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების, ჯეროვანი მმართველობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ესტაფეტას გადასცემს ახალ, მეათე მოწვევის პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს მეათე მოწვევის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.
„პანდემიის მიუხედავად, ორმილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. 2020 წლის არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა და ეს მიღწევა, ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკებების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ. პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი მოქალაქეების მიერ გამოხატული ნდობა და ჩვენი ქვეყნის მეგობარი ელჩების ძალისხმევა პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად. ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც ორ მილიონამდე მოქალაქის გადაწყვეტილებას ასახავს და საარჩევნო ადმინისტრაციის ათასობით მოხელის, ასევე, ხაზგასმით ვამბობ – ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენლის მიერ, ხელმოწერით არის დადასტურებული. გთხოვთ, ამ საზოგადოებრივ მანდატს განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ, ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა წარვმართოთ მოქალაქეებისადმი დიდი პასუხისმგებლობით და მთელი ამ პერიოდის მანძილზე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოებასთან პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ახალგაზრდა დემოკრატია, თუმცა ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განმტკიცება, როგორიცაა თავისუფალი მედია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო ეფექტური თვითმმართველობა და ანგარიშვალდებული ხელისუფლება.
„დღეს, ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა მედია, რომლითაც ხშირად და აქტიურად ისმის ოპოზიციის ხმა; გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავისუფლად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ნებისმიერ საკითხზე; ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულების სტანდარტს იცავს და რეგულარულად მოდის საკანონმდებლო ორგანოში. მხოლოდ გასული ორი წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრთა დასწრება და მოსმენების რაოდენობა პარლამენტში აღემატებოდა ბოლო 15 წლის ჯამურ მაჩვენებელს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტს უკვე აქვს გამორჩეულად მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტები, რათა გაუძღვეს ქვეყნის საკანონმდებლო პროცესს, ზედამხედველობა გაუწიოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გადაწყვეტილების მიღებაში უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და ეს პროცესი წარმართოს ღიად, გამჭვირვალედ და ეფექტურად.
„ახალი პარლამენტი ასევე, განსაკუთრებული იქნება გენდერული ბალანსის თვალსაზრისითაც – ახლა უფრო მეტი, თავისი საქმის პროფესიონალი და წარმატებული ქალი მონაწილეობს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში. დღეს, ჩვენ ამ დარბაზში ვერ შევიკრიბებოდით, რომ არა ჩვენი საზოგადოების ერთიანობა და სოლიდარობა, რომ არა ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალთა მრავალთვიანი, დაუღალავი ბრძოლა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან. ახალმა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო გამოცდის წინაშე დააყენა. 2020 წლის მარტის შემდეგ პირბადეები, სოციალური დისტანცია და მკაცრი შეზღუდვები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგი და ტკივილია კორონავირუსისგან გარდაცვლილი ადამიანები. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო თითოეულ ოჯახს, ვინც მისთვის ძვირფასი ადამიანი დაკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, იდგა ჩვენი საზოგადოების დასაცავად, წესრიგის და უსაფრთხოების, სოციალური ფუნქციების უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდი: ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში, უკვე რამდენიმე თვეა, მუხლჩაუხრელად შრომობენ ადამიანების გადასარჩენად; პოლიციელებს, ჯარისკაცებს და მაშველებს, რომლებიც იცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას შეზღუდვების პირობებშიც; მასწავლებლებს, რომლებიც დისტანციურად უზრუნველყოფენ ბავშვების და ახალგაზრდებისთვის განათლების მიწოდებას; მოხალისეებს, საზოგადოების იმ წევრებს, ვინც ეხმარებიან მარტოხელა ადამიანებს, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ხანდაზმულებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს. ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენი ქვეყნისთვის პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დამაიმედებელი ცნობები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კარგი დღეები მალე დაბრუნდება და დროულად იქნება შესაძლებელი საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალური პირობების აღდგენა.
„სახელმწიფოს ანტიკრიზისული პოლიტიკა და ეკონომიკური გეგმა მიმართულია ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ, ასევე, ეკონომიკის სტაბილიზაციისა და სწრაფი აღდგენისკენ. სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორონავირუსით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეებს და მეწარმეებს გადასახადები გადაუვადდათ, მოხდა ოჯახებისთვის კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებს გაეწიათ ფინანსური დახმარება, თვითდასაქმებულებმა მიიღეს მხარდაჭერა, შენარჩუნდა კაპიტალური პროექტების დაფინანსება, შემუშავდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მოხდა სესხების გადავადება, ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასების შესანარჩუნებლად გამოიყო დაფინანსება, პენსიების ინდექსაციის წესი ამოქმედდება 2021 წლის იანვრიდან, ჩვენ შევძელით სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის, დეველოპერული სექტორების მხარდაჭერა და 17 წლის ასაკის ჩათვლით ყველა ბავშვზე ფინანსური დახმარების მობილიზება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მზად არის, მხარი დაუჭიროს 2020-2024 წლებში ეკონომიკური რეფორმების გატარებას, კერძო სექტორის მხარდამჭერი და ინოვაციური პროექტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობის განვითარების ფინანსურ და ტექნიკური მხარდაჭერას, მსხვილი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, წყალმომარაგების, გაზიფიცირების, ელექტროენერგიისა და სწრაფ ინტერნეტზე წვდომის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდილ შემოსავლებს სოფლად მცხოვრებლებისთვის, სოფლების განვითარებას, ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
„დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ერთიანობით, სახელმწიფოს გონივრული და ეფექტიანი პოლიტიკით, აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას და შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საუკუნის წინ ეროვნული თავისუფლების მოპოვება დამოუკიდებლობისთვის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი იყო. მას შემდეგ, მრავალი ისტორიული ქარტეხილი გამოიარა ქვეყანამ.
„თაობების ძალისხმევას, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეთა თავდადებას, მოქალაქეების სოლიდარობას, სამშობლოსათვის ბრძოლაში დაცემულ გმირთა ხსოვნას, ეკლესიის და სასულიერო პირთა უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. დღეს, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, რაც მთლიანად ჩვენი საზოგადოების მონაპოვარია. თუმცა, სახელმწიფოს წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევები: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპაციის დასრულება,დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერება, უსაფრთხოების განმტკიცება და მეტი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ეროვნული ღირებულებებისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა არის ჩვენი თაობის მისია და მოვალეობაც ჩვენი შვილების წინაშე. თავის დროზე, პირველი რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, ქართული ემიგრაცია ევროპაში აგრძელებდა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას, ქართული სახელმწიფოს და ეროვნული, კულტურული მისწრაფებების შენარჩუნებას. დღესაც, ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან ერთად, ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას და ვაშენებთ თანამედროვე, ძლიერ, სამართლიან სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი წინაპრების ოცნება იყო. საქართველოს განვითარება უხდება რთულ რეგიონში და გამოწვევებით აღსავსე ისტორიულ პერიოდში. ამ პროცესში განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ გრძელდება რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და საქართველოს ისტორიული მიწები მიტაცებულია, ასობით ათასი დევნილი კვლავაც ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში უსაფრთხოდ. განსაკუთრებით საგანგაშოა უკანონო გატაცებების, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები. საქართველოს პასუხი ამ ყველაფერზე არის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების და ჩართულობის პოლიტიკა, ამავე დროს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ისეთი პირობების შექმნა, რათა დასრულდეს ჩვენი საზოგადოების და ტერიტორიის ეს უსამართლო და ხელოვნური დაყოფა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მხოლოდ რწმენით, დემოკრატიის გაძლიერებით, უსაფრთხოების განმტკიცებით და ეკონომიკური განვითარებით, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის წარმართვით და საზოგადოების გაერთიანებით იქნება შესაძლებეი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მშვიდობის დაცვას.
„ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს – ადამიანის თავისუფლებას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ მმართველობას, კონსტიტუციურ წესრიგს და სტაბილურობას. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და სამართლიანობა, რადგან ამის გარეშე დემოკრატია მხოლოდ ცარიელი სიტყვაა. ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ყველაფერს გააკეთებს, რომ დემოკრატია ნამდვილი შინაარსით იყოს დატვირთული, რომლის ტრადიცია საქართველოში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, დიდი ილია ჭავჭავაძის დაუღალავი შრომის შედეგად ჩამოყალიბდა. ამ საქმეში, მაგიდის გარშემო ადგილი ყოველთვის მოიძებნება მათთვის, ვინც იზიარებს ამავე მიზნებსა და ღირებულებებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მსგავსად, ევროპის იდეა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია თანამედროვე საქართველოს მთავარი კულტურული და პოლიტიკური ორიენტირია.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დასავლეთისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება. მეათე მოწვევის პარლამენტი მთელი პასუხისმგებლობით: იმუშავებს პრაგმატული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის გასატარებლად; უსაფრთხოების განმტკიცებისთვის; დაიცავს ეროვნულ ღირებულებებს, კულტურას და ჩვენი ერის თვითმყოფადობას; განაგრძობს ძალისხმევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. იზრუნებს დევნილებზე და მათ მშვიდობიან დაბრუნებაზე; განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კანონის უზენაესობის პრინციპების განხორციელებას; ხელს შეუწყობს და ზედამხედველობას გაუწევს ადამიანის უფლებების დაცვას; ხელს შეუწყობს პროფესიონალური, მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის შემდგომ განვითარებას. სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის სამართლიანი ურთიერთობების; შემდგომ ჩამოყალიბებას; ზედამხედველობას გაუწევს გადასახადის გადამხდელთა ლეგიტიმურ ინტერესს, რომ ბიუჯეტი სამართლიანად და ეფექტიანად დაიხარჯოს; პარლამენტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას და ჩართულობას, მათი დასაქმებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას; ახალგაზრდების მეტ მონაწილეობას პოლიტიკაში და მმართველობის პროცესში; ჩვენ ხელს შევუწყობთ სამოქალაქო ინტეგრაციას, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებისა და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში; იზრუნებს და სოლიდარული იქნება სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მიმართ; ვიზრუნებთ ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე; ვიმუშავებთ რათა ბავშვებმა მიიღონ კარგი განათლება და დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა; ვიზრუნებთ პატიმრობაში მყოფ პირებზე და მათ ოჯახებზე; ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ამოცანების, რომელიც საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წინაშე დგას.
ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ თანმიმდევრული და კოორდინირებული ქმედებებით შევქმნით ყველა პირობას, რათა 2024 წელს, საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე; ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მზად არის ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისთვის, დისკუსიისთვის და მზად ვართ, შევასრულოთ კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამოქალაქეს მათ მიერ გაკეთებული არჩევანის გამო და აღნიშნა, რომ ეს პარლამენტი საქართველოს თითოეული თანამოქალაქისაა.
„მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომელთაც ეკუთვნით არჩევნებში ჩვენი გამარჯვება. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. მინდა, მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მიღება, მინდა, გისურვოთ წარმატებები, წარმატებები ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.