არჩილ თალაკვაძე - პარტნიორებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა დიდი სამუშაო, რომ სანქციებთან დაკავშირებული პირობები შესრულებულიყო
ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს საიმედო სისტემა და საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა იმისთვის, რომ სანქციებთან დაკავშირებული პირობები შესრულებულიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო არ ყოფილა სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება, ეს დაადასტურეს პარტნიორებმა თბილისში ვიზიტის დროს.
„ვფიქრობ, სამარცხვინო იყო ის განცხადებები, რომლებიც რადიკალურმა ოპოზიციამ წინასწარ გააკეთა ისე, რომ არ იცოდა შეხვედრის შინაარსი, არც ის, თუ რას იტყოდნენ შეხვედრის შემდეგ ჩამოსული ელჩები, წინასწარ უკვე გამოიტანეს დასკვნები, რომელიც იყო, უბრალოდ, ერთდღიანი ტყუილი. ფაქტი გახლავთ ის, რომ საქართველო იცავს თავის ვალდებულებებს, პირობებს. ჩვენთვის უპირველესი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოება და ასევე პირნათლად ვასრულებთ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვაკავშირებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.