არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში ოპოზიციური პარტიების თითქმის ნახევარი არ ეთანხმება საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, ამით არის განპირობებული, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალა პოზიცია
თავიდანვე ჩანდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შესახებ, იყო ძალზედ არასერიოზული და ალბათ გათვლილი იყო მხარდამჭერებზე და ზედაპირულ ეფექტზე, თითქოს ისინი ზრუნავენ და მათ ადამიანების ბედი აღელვებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებზეა პასუხისმგებელი.
„შესაბამისად, არავის სჯერა, რომ მათ მართლაც ადარდებთ და აწუხებთ შოვში მომხდარი ამბავი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც შოვში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და დღემდე განაგრძობს მუშაობას, რათა ადამიანები გადაერჩინათ და დაკარგულები ეპოვათ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს. ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა და ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად გააკეთა ყველაფერი, რომ რეაგირება ყოფილიყო დროული და ამომწურავი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების თითქმის ნახევარი არ ეთანხმება საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა და სწორედ ამით არის განპირობებული, რომ მათ ერთ დღეში შეცვალეს პოზიცია.
„რაც შეეხება ოპოზიციას, არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი, არამედ პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების თითქმის ნახევარი არ ეთანხმება იმ ინიციატივას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ მათ ერთ დღეში სრულიად შეცვალეს საკუთარი პოზიცია. გუშინ ქალბატონი ბოკუჩავა გვადანაშაულებდა, რომ არ ჩავსვით თითქოს ეს საკითხი დღის წესრიგში. არადა, შავით თეთრზე ეწერა დღის წესრიგში და შეტანილია. გუშინ აცხადებდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა, დღეს ვიგებთ თურმე, რომ მათ სურთ მისი გადადება. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ შეკითხვებზე ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვთ პასუხები. მათ კარგად იციან, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მოვა და აუცილებლად მიაწვდის საზოგადოებას სრულ ინფორმაციას იმ რეაგირებაზე, რომელიც შოვში იყო სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 3 ოქტომბრის სასესიო კვირას გაიტანენ.