არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში მონაწილეობა არის ღირსება, პატივი და არა თემა, რომელზეც ვინმეს ეხვეწებიან, რომ ჩაერთოს, სწორედ ამ განცდით უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში მონაწილეობა არის ღირსება, პატივი და არა თემა, რომელზეც ვინმეს ეხვეწებიან, რომ ჩაერთოს, სწორედ ამ განცდით უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში

მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციაც პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს, გარდა იმისა, რომ ეს შეთანხმება ქვეყნის ინტერესებში შედის, პრაგმატულად მათ ინტერესებშიც არის, ეს შეთანხმება შედგეს, ოპოზიცია ქუჩიდან დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მინდა, გითხრათ, რომ არც ერთი შეხვედრა არ არის ზუსტად იგივე, როგორიც იყო წინა. რა თქმა უნდა, შეხვედრები ამ თანმიმდევრობით ტარდება იმიტომ, რომ გარკვეული ცვლილებები მოლაპარაკებების საკითხებში შედის. როგორც გითხარით, ჩვენი მხრიდან სამართლიანი, კონსტრუქციული პოზიციები იყო დაყენებული თავიდანვე. სწორედ ამან მისცა საშუალება ამ პოლიტიკურ დიალოგს, რომ გაგრძელებულიყო და მე მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციაც პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს, გარდა იმისა, რომ ეს შეთანხმება ქვეყნის ინტერესებში შედის, პრაგმატულად მათ ინტერესებშიც არის, ეს შეთანხმება შედგეს, ოპოზიცია ქუჩიდან დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ ძალით, რა თქმა უნდა, არავის ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, თუმცა ის საკითხები, რაც მათ პრეზიდენტ მიშელთან დააყენეს, ავტომატურად მოითხოვს პარლამენტში ჩართულობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, პარლამენტი არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური ინსტიტუტი და რა თქმა უნდა, პარლამენტში მონაწილეობა, ეს არის ღირსება და პატივი და არა თემა, რომელზეც ვინმეს ეხვეწებიან, რომ ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს. სწორედ ამ განცდით ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში. მოვისმინეთ კომენტარები, რომ ეს არის გარდამავალი პარლამენტი, დროებითი პარლამენტი… მეგობრებო, მინდა, გითხრათ, რომ მსოფლიოში ყველა პარლამენტი არის დროებითი და გარდამავალი, ოთხ წელიწადში ყოველთვის არის არჩევნები და იცვლება პარლამენტის შემადგენლობაც. ამიტომ პარლამენტის დაკნინებას კი ნუ ვეცდებით, ვცადოთ, ჩვენი ინსტიტუტების კონსოლიდაცია მოვახდინოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.