არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში განხილვები მაღალი სტანდარტით ჩატარდება და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს
დარწმუნებული ვარ, ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდება საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით განხილვებიმ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეობის 20 კანდიდატის წარდგენის შესახებ შესაბამისი წარდგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტში უკვე შესულია. საკითხზე წამყვანი კომიტეტი კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იქნება. შესაბამისად, არჩილ თალაკვაძემ კომიტეტის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს და დეპუტატებს მიმართა, პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ.
„წამყვან კომიტეტად უნდა განისაზღვროს იურიდიული კომიტეტი, როგორც ეს არის კანონმდებლობით და რეგლამენტით დადგენილი.
გთხოვთ თქვენ, როგორც წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს და ყველა კოლეგას, რომ მაქსიმალური მონაწილეობა მიიღოთ პროცესის იმ ნაწილში, რომელიც პარლამენტში უნდა წარიმართოს და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდება განხილვები საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი 4 სექტემბერს კენჭისყრის შედეგად შეარჩია.