არჩილ თალაკვაძე - პარლამენტმა სახელმწიფოს ინტერესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა, სებ-ის საბჭოში მოსალოდნელი კრიზისი აღკვეთილია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა.
თალაკვაძის თქმით, ამით პრაქტიკულად აღკვეთილია მოსალოდნელი კრიზისი ეროვნული ბანკის საბჭოში.
„ბანკი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურ რეჟიმში საქმიანობას. გუშინ ვნახეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდა ზეწოლას საქართველოს პრეზიდენტზე კანდიდატების გაწვევასთან დაკავშირებით. მინდა, მოქალაქეებს ვუთხრა, რომ კანონსა და რეგლამენტში კანდიდატის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. როდესაც პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატებს პარლამენტში, მისი როლი ამ პროცესში უკვე იწურება. შესაბამისად, კანონის სრული დაცვით მოხდა ორი ახალი წევრის განწესება ეროვნული ბანკის საბჭოში. მოქალაქეებს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. პანიკის საფუძველი არ არსებობს, ეროვნული ბანკი და საბანკო სისტემა ნორმალურ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები – ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია.
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საბჭოს წევრობის აღნიშნული კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ. მომხსენებელმა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კომიტეტში კანდიდატების წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები სხდომას არ ესწრებოდნენ, კენჭისყრა შედგა და კომიტეტის წევრებმა მათ მხარი არ დაუჭირეს.
ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში, ცხრა წევრის ნაცვლად, მხოლოდ შვიდი წევრია. მათგან სამმა – საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა – საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია პარლამენტის ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში – 21 ნოემბრიდან დატოვებენ.