არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშს წარადგენს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ანგარიშის ძირითადი ნაწილი პარლამენტის რეგლამენტში 2019 წელს შესულ ცვლილებებს დაეთმობა. ანგარიშში ასევე საუბარია იმ კანონპროექტებზე, რომლებიც 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა.
მისივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე ანგარიშში ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზეც.
„თქვენ იცით, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ძალიან ბევრი მიმართულებით შევიდა პოზიტიური ცვლილებები. ერთი მხრივ, ის, რომ პოლიტიკური ორგანო, პარლამენტი უფრო ძლიერი გახდა, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მიმართულებით, ასევე ყველა იმ თანამდებობის პირის ანგარიშვალდებულების კუთხით, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს პარლამენტის წინაშე. რა თქმა უნდა, თავმჯდომარის გამოსვლაში ერთ-ერთი მიმართულება იქნება, თუ როგორ კარგად და პოზიტიურად განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტის პირობები, რომლებიც აქვს საზედამხედველო ორგანოს. ასევე, საუბარი იქნება ყველა იმ ძირითად კანონპროექტზე, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ამ წელიწადში და ბუნებრივია, პარლამენტის სამომავლო გეგმებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.