არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი განაგრძობს მუშაობას ეკონომიკურ რეფორმებზე, ეს დღის წესრიგი უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი საზოგადოების წინაშე
მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, გაზარდა დანახარჯები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და შეამცირა შემოსავლები, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება, ეკონომიკური აქტივობის ბაზისური ფუნქციების და სწრაფი აღდგენისთვის მზადყოფნის შენარჩუნება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც პარლამენტის 2020 წლის ანგარიში წარადგინა.
არჩილ თალაკვაძემ გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებაზე, რომელიც ეკონომიკის სფეროში ქვეყანას აქვს.
„დღეს ჩვენ გვაქვს სულ უფრო მეტი საერთაშორისო, მიუკერძოებელი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის რეაგირება პანდემიის პირობებში, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე, სოციალური და ეკონომიკური სფეროების მიმართულებით იყო სამაგალითო და ოპტიმალური. ის, რომ დღეს საზოგადოებასთან ჩვენ გვაქვს დისკუსია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფუნქციების აღდგენაზე, შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე, ეს გახლავთ სწორედ იმის დამსახურება, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და რაც მთავარია, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭომ, აბსოლუტურად ზუსტი და პრაგმატული გადაწყვეტილებები მიიღო პანდემიის პერიოდში. ბრძოლა კოვიდ 19-თან ჯერ არ არის დასრულებული, ამიტომ მე კიდევ ერთხელ თითოეულ ჩემს კოლეგას მოგიწოდებთ, მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, მაქსიმალურად ინფორმაციის მიტანას ჩვენს მოქალაქეებთან, განსაკუთრებით, ვაქცინასთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველა ეპიდემია და ყველა ისეთი ბიოლოგიური აგენტი, როგორიც გახლავთ „კოვიდ-19“, მარცხდება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის ეფექტური პროცესით და ეს არის აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს პარლამენტში საბიუჯეტო პროცესის წარმართვა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერა იქნება ჩვენი პრიორიტეტული ამოცანები.
„ეს გულისხმობს საბიუჯეტო პროცესის ხელმძღვანელობას, საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას და მთავრობასთან ერთად, სტრუქტურული რეფორმების შემდგომი ეტაპის და საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის განხორციელებას, აგრეთვე, პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენის რეფორმებზე მუშაობას, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას, ადმინისტრირების გაუმჯობესებას და ინვესტიციების მოზიდვას დაეხმარება. ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვას, ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკონომიკასთან და სოციალურ უსაფრთხოებასთან კავშირშია ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელზეც საქართველოს პარლამენტი განაგრძობს მუშაობას-კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებისთვის, სტარტაპბიზნეს ინიციატივების მხარდასაჭერად.
„ხაზგასმით ვამბობ, ეს საკითხები მოითხოვს ძალიან ეფექტურ თანამშრომლობას მთავრობასთან და ჩვენ ვიმუშავებთ ასევე სოციალური დაცვის სისტემის რეფორმაზე, გარემოს დაცვის და ეკოლოგიის მიმართულებით, ჯანდაცვის სექტორის რეფორმებზე, განათლების სისტემის რეფორმებზე და სოფლის მეურნეობის სფეროში ჩვენი ქვეყნის პოტენციალის კიდევ უფრო მეტი რეალიზაციისთვის. ეს დღის წესრიგი იქნება უახლოეს პერიოდში წარდგენილი ჩვენი საზოგადოების წინაშე და მე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, კომიტეტის წევრებს და განსაკუთრებით, კომიტეტის თავმჯდომარეებს, ვინაიდან ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან საინტერესო სამოქმედო გეგმის მონახაზი, რომელსაც, კიდევ ვიმეორებ, უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.