არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი ანაკლიის პორტის პროექტს დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს
მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე პორტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მიესალმება.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანაკლიის პორტთან, ამ ეკონომიკურ პროექტთან დაკავშირებით. მეც მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს. მისი განვითარების და განხორციელების შესაძლებლობისთვის მაქსიმალურ ჩართულობას გამოვხატავთ და მივესალმებით პრემიერ -მინისტრის ძალიან მკაფიო განცხადებას ამ პორტთან დაკავშირებული პრიორიტეტის შესახებ.
მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ამ პროექტის განხორციელებისთვის, როდესაც პირველ რიგში, შეიტანა კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი ამ პროექტთან დაკავშირებით. შემდეგში ის ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც პროექტს სჭირდებოდა, სრულად იყო უზრუნველყოფილი. მათ შორის ბიუჯეტის შესახებ კანონში პარლამენტმა მიიღო შესაბამისი ასიგნებები და დამტკიცებული იყო ესეც იმ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რაზეც სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება აღებული.
გახსოვთ, პირობებიც და ვადებიც არაერთხელ გადაიწია იმ იმედით, რომ მოხდებოდა ინვესტიციების მობილიზება. თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, კერძო სექტორმა, ვინც იყო ჩართული პროექტში, ვერ შეძლო ამ ინვესტიციის სრულად მოზიდვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გადავდოთ გვერდით. ამიტომ, პრემიერ-მინისტრის განცხადება დღეს იყო ძალიან მკაფიო და ჩვენ მივესალმებით, რომ განახლდება მუშაობა ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა დღეს პოსტკოვიდურ პერიოდში არსებულ ეკონომიკურ კრიზისში მაინც შევძლოთ ინვესტორებთან მუშაობა. შევძლოთ მათი დაინტერესება ამ პროექტით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცედენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ.