არჩილ თალაკვაძე - პანდემიის მიუხედავად, ორმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პარლამენტის და თქვენი სახელით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰარცელს დიალოგის უწყვეტი მხარდაჭერისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ ის პოზიტიური შედეგით დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ კონტაქტი მოქალაქეებთან და ითანამშრომლონ ობიექტურ და დამოუკიდებელ მედიასთან.
„ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი უკვე შეუდგა საქმიანობას, მისაღები გვაქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელსაც საზოგადოება ელოდება, მოხარული ვარ, რომ კომიტეტები უკვე შეუდგნენ საქმიანობას და პირველი ინიციატივები უკვე სახეზეა. საზოგადოებისათვის ასევე ცნობილია, რომ პირველი რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს და დასავლურ ოჯახში ინტეგრაციას ეხება. დეკემბერში ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობას. მივიღებთ კანონს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. ასე რომ წინ დიდი სამუშაო გველოდება. მსურს, რომ წარმატებები ვუსურვო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტს, თითოეულ თქვენგანს და გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კონტაქტი ჩვენს მოქალაქეებთან, მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ობიექტურ და დამოუკიდებელ მედიასთან, ჟურნალისტებთან,რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რას აკეთებს მის მიერ არჩეული პარლამენტი“, – განაცხადა თალაკვაძემ.