არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციური ბანაკი რადიკალურ და ჯანსაღ ნაწილად არის გაყოფილი, რასაც თავად ოპოზიციის წარმომადგენლებიც ამბობენ
ოპოზიციური ბანაკი ორ ნაწილად არის გაყოფილი, რადიკალურ და ჯანსაღ ოპოზიციად. ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა მოლაპარაკებების პროცესმა. არა მხოლოდ ჩვენ ვამბობთ, არამედ ნახეთ, რომ თავად ოპოზიციის წარმომადგებლებიც აცხადებენ, რომ ოპოზიცია ორ ბანაკად არის გაყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კარგად ჩანს, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი მოერეს ადანაშაულებს, რომ მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრობდნენ. როგორც თალაკვაძე ამბობს, ამგვარი ქმედებები ნათელს ხდის, როგორი დემოკრატიის ხარისხია ოპოზიციის შიგნით.
ამასთან, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი სწორი გზა პარლამენტში შესვლაა.
„გამოჩნდა განცხადებებში, სადაც ოპოზიციის ერთი ნაწილი მეორეს ადანაშაულებს, შიგნით საუბარი ჰქონდათ, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა მომხდარიყო და ბლოკირება. ასევე, როცა ადანაშაულებენ იმაში, რომ შიგნით ადგილი ჰქონდა მუქარებს. ამის ყველაზე მკაფიო არის ის, თუ როგორი თავდასხმები მოხდა ალეკო ელისაშვილისა და იაგო ხვიჩიას მიმართ. ეს იმას აჩვენებს, რეალურად, როგორია დემოკრატიის ხარისხი ოპოზიციის შიგნით. ისინი განსხვავებულ აზრს უმკლავდებიან ყველაზე არაცივილიზებული მეთოდებით, ზეწოლით, შეურაცხყოფით და ამ აზრის რაღაცნაირად დახშობის მცდელობებით, რაც მთელმა საზოგადოებამ ნახა. ეს არ არის ჩემი შეფასება, მთელმა საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორი თავდასხმები ხდება განსხვავებულ აზრზე ოპოზიციის შიგნით. რადიკალური ოპოზიცია გვახსენებს, თუ როგორ იქცეოდა ხელისუფლების დროს და რატომ არ აძლევს საზოგადოება ხმას მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას. რადიკალური ოპოზიციის შიგნით არგუმენტი აქვთ, რომ გამარჯვებას არჩევნებით ვერ მიაღწიეს და ამიტომ მოლაპარაკებების ჩაშლასა და მაგიდის აყირავებას ცდილობდნენ. მათი მხრიდან ერთადერთი სწორი გზა პარლამენტში შემოსვლაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.