არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციისთვის გიორგი გახარია არის მნიშვნელოვანი თავის ტკივილი
საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ სასესიო კვირა ისე არ გადის, რომ პარლამენტში მინისტრი არ იყოს წარმოდგენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ანგარიშვალდებულების აღნიშნული ფორმატი ძალიან აქტიურია. მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის საკითხზე და მთავარ თემებზე ისაუბრა.
„ჩვენი ინტერესი უკავშირდება დავით გარეჯს, რა გეგმაა ამ პრობლემის გადაჭრის, რაც დიდი ხანია არსებობს. ასევე გვაინტერსებს, პანკისის მოსახლეობასთან კომუნიკაციის რა გეგმა აქვს მინისტრს, რადგან აზრთა სხვადასხვაობა დიალოგის გზით უნდა აღმოიფხვრას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ასევე საინტერესოა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით დაგეგმილი აქტივობებიც.
„ოპოზიციას მცდელობა ექნება, საქმიანი პროცესიდან ყურადღება გადაიტანოს მათთვის საინტერესო პოლიტიკურ თემებზე და სცადონ, მინისტრთან მეორე რაუნდში ქულების მოპოვება. ოპოზიციისთვის გიორგი გახარია არის მნიშვნელოვანი თავის ტკივილი, რაც წინა სხდომაზე გამოჩნდა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ. გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.