არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ფარული ჩანაწერების სათავეს თუ ეძებენ, საკუთარ თავს იპოვიან
პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი მასალით მანიპულირება მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე აღნიშნულ საკითხზე უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენლის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციის ზოგიერთი წევრი დანაშაულის სათავეს ეძებს, საკუთარ თავს იპოვის.
„მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის სრულიად უპასუხისმგებლო და ცინიკურ განცხადებებს, სადაც მათ მიუთითეს, რომ ჩვენ გვაინტერესებს, ამ ყველაფრის სათავე სად არისო. მათ თუ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა, ვისი დამზადებულია სერიებად ეს პირადი ჩანაწერები, ვის ჰქონდა ეს შენახული და დასაწყობებული, ვინ მართავდა თავის დროზე ამ მეთოდებით, ძალიან შემცდარან. ასე რომ, თუ ისინი ეძებენ სათავეს, იპოვიან საკუთარ თავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ფარული ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, მაშინდელი მმართველი გუნდის დაკვეთით არის გაკეთებული.
„ჩვენ დაველოდებით, რომ ის ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინა, იქნებიან პასუხისგებაში მიცემული. მიგვაჩნია, რომ ამ უკანონობაზე პრინციპული და სამართლებრივი რეაგირება არის მომავალში იმის გარანტი, რომ მსგავსი აღარ განმეორდება. კიდევ ერთხელ მსურს, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას მიმართ. ეს არის მიუღებელი და ჩვენ ვგმობთ ამ უკანონობას. უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, მაგრამ გაკეთდა რამდენიმე განცხადება, ასევე პოლიტიკური შეფასებები მიეცა ოპოზიციის უპასუხისმგებლო განცხადებებს, სადაც ისინი ფარული ჩანაწერების სათავეს ეძებენ. ამ სათავის ძებნაში ყოველთვის იპოვიან საკუთარ თავს, რადგან ეს არის მათი გუნდის უშუალო დაკვეთით დამზადებული უკანონოდ შენახული მასალა“, – განაცხადა თალაკვაძემ.