არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იმ წესით და ზუსტად იმ ვადებში, როგორც მოცემულია პარლამენტის რეგლამენტში
ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ემთხვევა რეგლამენტში მოცემულ წესს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტს უკვე მიმართა განცხადებებით.
„ამ განცხადებების განხილვა და მათზე გადაწყვეტილებების მიღება საბოლოოდ მოხდება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ზუსტად იმ ვადებში, როგორც მოცემულია რეგლამენტში. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ემთხვევა რეგლამენტში მოცემულ წესს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართეს საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების: „ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა, ასევე „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წევრებმა.
ამასთან, პარლამენტს განცხადებით გუშინ მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავთ „მოქალაქეების“, „გირჩისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს.