არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ნაწილმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, როგორ ხდება, რომ რასაც განცხადებებში მხარს უჭერენ, შემდეგ იმ საკითხების განხილვაში არ მონაწილეობენ და მხარს არ უჭერენ
ოპოზიციის ნაწილმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, როგორ ხდება, რომ რასაც განცხადებებში მხარს უჭერენ, შემდეგ იმ საკითხების განხილვაში არ მონაწილეობენ და მხარს არ უჭერენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„სხვათა შორის, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ რეფორმების ყველაზე მეტად და ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად აცხადებდა თავს, არ ესწრება დღეს ბიუროს სხდომას. როგორც ვიცი, მათ ჯერ საკომიტეტო განხილვაშიც არ მიუღიათ მონაწილეობა. ალბათ ამასაც გარკვეული ახსნა-განმარტებები სჭირდება. მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას, როგორ ხდება ისე, რომ რასაც განცხადებებში ეთანხმებიან, მხარს უჭერენ და მეტიც, ამბობენ, რომ ეს ყოველთვის იყო მათი დიდი სურვილი და ინიციატივა, როგორ ხდება ხოლმე შემდეგ, რომ იმ საკითხების განხილვაში არ მონაწილეობენ და კენჭისყრაში მხარს არ უჭერენ ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის ამუშავებას ითხოვდნენ, ხოლო ახლა თავად არ მონაწილეობენ სხდომებში.
„მე აქვე მინდა, გავიხსენო, პანდემია ჯერ არ არის დასრულებული. აქვე მინდა გავიხსენო კონკრეტულად ამ ორი პოლიტიკური პარტიის განცხადებები საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტი გადასული იყო საგანგებო რეჟიმში. მე მახსოვს, ისინი გვსაყვედურობდნენ ჩვენ და მათი მედიასაშუალებები ამას აკეთებდნენ ძალიან დიდი მონდომებით, რომ პარლამენტი რატომ არ მუშაობს, მოვიწვიოთ სხდომები, ჩავატაროთ განხილვები, რატომ ვკარგავთ დროს და ამ ფონზე დღეს მით უფრო ცინიკური და ალბათ ღიმილის მომგვრელიც არის ამ პარტიების ქცევა, როდესაც პარლამენტი ნორმალურ რეჟიმში საქმიანობს, მეტიც, საგანგებო სესია გვაქვს მოწვეული, რომ დროულად დავასრულოთ ეს რეფორმა და რაც დავპირდით საზოგადოებას, ის გავაკეთოთ ბოლომდე, ამ დროს ზუსტად არც განხილვებში მონაწილეობენ, არც ბიუროს სხდომაზე. აგერ ხედავთ, რომ ეს ადამიანები არ ჩანან. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ აქედან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.