არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ნაწილის პროტესტი იქამდე ჩამოვიდა, რომ დეპუტატებს ეკითხებოდნენ, დილით, ცხრა საათზე რატომ მოხვედით პარლამენტშიო, ეს არის კომიკური
არჩევნებთან დაკავშირებით მოცემულობა და პოზიცია არის ჩაწერილი კონსტიტუციაში და ეს რომ შეიცვალოს, ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება. ამ მოცემულობის ფარგლებში რეალობა არის ის, რომ პარლამენტის ერთი ნახევრის დაკომპლექტება ხდება პროპორციული წესით, უკვე ზუსტად ისე, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა და მეორე ნახევარზე დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და მოვემზადოთ არჩევნებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას უთხრა, რომ არსებობს რესურსი, შერეული არჩევნების მოდელით არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და კონკურენტულ პირობებში.
„ჩვენი შეხვედრა დღეს დაიწყო კონსტრუქციულად, ვფიქრობ, საკმაოდ კონსტრუქციულადაც დასრულდა. ჩვენ ვუთხარით ოპოზიციას, რომლის ნაწილიც ფიქრობს, რომ პიკეტებით თუ ბლოკირებით, რომელიც მათ ჰგონიათ, რომ არის კანონმდებლობის ფარგლებში და სინამდვილეში, ეს არის კანონმდებლობის მიღმა, რომ ნებისმიერ დროს ვაძლევთ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან, პროტესტის გასაგრძელებლად. ეს არის გარანტირებული კანონით. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს პროტესტი იქამდე ჩამოვიდა, რომ ორი დღის წინ დეპუტატებს პარლამენტში ეკითხებოდნენ დილით, ცხრა საათზე რატომ მოხვედით პარლამენტშიო? ადამიანს კითხო დილით რატომ მოხვედი სამსახურში, არის კომიკური“,- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პოლიტიკური კონსულტაციებისთვის. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ მომავალში, შესაძლოა, განხილული იყოს სხვა მოსაზრებები და პოზიციებიც, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა.
„მზად ვართ იმდენი შეხვედრისთვის, რამდენიც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდეს ჩვენი პოლიტიკა და პოლიტიკოსებმა ვიმუშაოთ ისე, რომ ამით საზოგადოების ინტერესები არ დააზარალოს რომელიმე პარტიამ. ახლანდელი მოცემულობა ხელის გულზეა, წერია ეს პირდაპირ კონსტიტუციაში და დღეს „გერმანულ მოდელზე“ დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სხვა პოზიციებიც, სხვა მოსაზრებებიც, რაც, მათ შორის, ოპოზიციას შეიძლება ჰქონდეს, მომავალში შესაძლოა, იყოს განხილული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.