არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მხრიდან ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტის დარეგისტრირება არის მცდელობა, სახე შეინარჩუნონ თავისი მხარდამჭერების წინაშე
ოპოზიციის მხრიდან ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტის დარეგისტრირება არის მცდელობა, სახე შეინარჩუნონ თავისი მხარდამჭერების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მესმის, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს სურს, თავისი მხარდამჭერების წინაშე სახე შეინარჩუნოს და გარკვეულწილად ეს არის ამის მცდელობა, რადგან შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ელჩები, რომელსაც ესწრებოდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ვენეციის კომისია, კარგად გამოჩნდა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი და არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. შესაბამისად, ჩემი აზრით, იმის მტკიცება, რომ საკანონმდებლო დონეზე, ანუ საარჩევნო კანონმდებლობისა და კოდექსის დონეზე რაიმე ცვლილებების გაკეთება არის შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრაზე ყველაფერი აშკარად გამოჩნდა, არის ოპოზიციის ამ ნაწილის მცდელობა, თავის მხარდამჭერებთან, ვინც გამოიყვანეს და ქუჩაში დააყენეს, იმ ადამიანებთან გარკვეულწილად სახე შეინარჩუნონ. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვისაც, რა თქმა უნდა, აქვს ინტერესი ამ საკითხზე, გავაგრძელოთ საუბარი, დავსხდეთ მაგიდასთან, მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისათვის. საუბარი ყოველთვის საჭიროა, საუბარი საჭიროა რეალურ საკითხებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების, ოპოზიციის, ელჩებისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით პირველი შეხვედრა არგუმენტების გაცვლას ემსახურებოდა, მაგრამ შემდეგი შეხვედრა უკვე სხვა საკითხებს უნდა დაეთმოს.
კითხვაზე არის თუ არა ჩანიშნული კონსულტაციების მეორე რაუნდი, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მეორე რაუნდი ჯერ არ არის ჩანიშნული.
„მაგრამ ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა და როგორც კი განისაზღვრება სხვა საკითხები, რისი განხილვაც იქნება შესაძლებელი, აუცილებლად შევხვდებით შემდეგ რაუნდში“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენას დღეს გეგმავენ.