არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ბოქლომების აქციებით არის გართული, მოვუწოდებთ, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებს დაუბრუნდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მხრიდან აქციებსა და სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას გამოეხმაურა.
„პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილს, რომელიც ახლა დესტრუქციით და ბოქლომების აქციებით არის გართული, მოვუწოდებთ, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს, კანონით მინიჭებული შესაძლებლობები გამოიყენოს, რაც არის საპარლამენტო ფორმატები, პოლიტიკური დებატები, საკომიტეტო განხილვები თუ ფრაქციებს შორის შეხვედრები. ეს უნდა გამოიყენონ, რათა მათთვის საინტერესო საკითხები განიხილონ. ეს უნდა გააკეთონ საჯაროდ და არა პარტიზანული აქციების საშუალებით. როცა საქმე პიკეტირებასა და ბლოკირებას ეხება, რაც მათი ამოცანა და სურვილი იყო, ამაზე სახელმწიფომ რეაგირება მოახდინა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ამას ყველა მხრიდან მოჰყვა შეფასებები, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში ვერ ჯდება, ჩარჩოებიდან გადის და არის კანონდარღვევა, რაზეც სახელმწიფოს რეაგირება ექნება.
„რაც უფრო სწრაფად გავაცნობიერებთ პოლიტიკური სპექტრი, რომ საჭიროა, ნორმალური პოლიტიკური პროცესის დაბრუნება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება, ეს უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც და ასევე, ეს შედის მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებშიც”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.