არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი მიხვდა, რომ ორი თვეა, პოლიტიკაში მათი ადგილი აღარ არის
როგორც ჩანს, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი მიხვდა, რომ ორი თვეა, პოლიტიკაში მათი ადგილი აღარ არის და მთელი მონდომებით ითხოვენ პარლამენტში დაბრუნებას, ბოიკოტსაც შევწყვეტთო, გვპირდებიან. განცდა მიჩნდება, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ყოველდღე თათბირობს, დღეს რა გააფუჭოს, დღეს რას ესროლონ ტალახი და როცა მთელი წელი ბოიკოტში იყვნენ, ახლა, პანდემიის დროს ითხოვენ ბოიკოტიდან გამოსვლას და საპარლამენტო პროცესის აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებას იმის შესახებ, რომ პარტია საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს.
„მთელი წელი, როდესაც უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილებოდა, გახსოვთ, რამდენი მოწოდება იყო ჩვენგან გაკეთებული, რომ დაბრუნდით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში და მიიღეთ მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში. თითქმის მთელი წელი რჩებოდნენ ბოიკოტის რეჟიმში და დღეს, როცა პანდემიას ვებრძვით, განცხადება გააკეთეს, ბოიკოტიდან გამოვდივართ და საპარლამენტო ცხოვრებას ვუბრუნდებითო. არ ვიცი, ახლა ამას რა დავარქვა, ღიმილისმომგვრელი და არაადეკვატურია ეს განცხადება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.