არჩილ თალაკვაძე - ვაძლევთ ნებისმიერ დროს, რამდენიც მათ სჭირდებათ აქციების გასაგრძელებლად, თუმცა პიკეტოლოგიით შედეგი ვერ მიიღწევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკითხის კომენტირებისას ოპოზიციის მიერ რეგიონებში დაანონსებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ გააგრძელონ აქციები იქამდე, სადამდეც საჭიროდ მიიჩნევენ.
თუმცა, თალაკვაძის თქმით, იმ ფორმით, რა ფორმითაც აქციები მიმდინარეობს, შედეგი ვერ მიიღწევა. თალაკვაძე განმარტავს, რომ პოლიტიკური შედეგის მისაღწევად მხოლოდ დიალოგის გზას ხედავს.
„ჩვენ მზად ვართ და ვაძლევთ ოპოზიციის ამ ნაწილს ნებისმიერ დროს, რამდენიც მათ სჭირდებათ და ჩათვლიან საჭიროდ, რომ გააგრძელონ აქციები. არ ვფიქრობ, რომ პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით რაც ხდება, ამით რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, შედეგს მივიღებთ მაშინ, თუ გავაგრძელებთ საუბარს, რომელიც უკვე დაწყებულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის მარეგულირებელ კანონმდებლობაში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა, პოლიციამ გაატაროს, რათა პროვოკაციები, ძალადობის ესკალაცია წინასწარ აღიკვეთოს.
„როდესაც პარლამენტთან იყო წარმოდგენილი სამართალდამცველების დიდი რაოდენობა, მედიის ნაწილი კრიტიკულად აშუქებდა ამ დღეებს და ამბობდნენ, რომ აი, ხელისუფლებამ გამოიყვანა ზედმეტი პოლიციელი. ნახეთ, რამდენი პოლიციელია მობილიზებული, რატომ მიიღეს ეს ზომები, რატომ გამოიყენეს ბარიერები. ხომ გახსოვთ, ეს იყო ორდღიანი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, უნდა მიეღო პრევენციული ზომები, პოლიციელები დაეყენებინა იქ, სადაც რისკი არსებობდა. დღეს იგივე ჟურნალისტები მისვამენ შეკითხვას, გუშინ რატომ არ იყო ბევრი პოლიციელი და არ ერეოდა აქტიურად პროცესში. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პროტესტის იმ ნაწილისგან, რომელიც გადის მეტწილად კანონმდებლობიდან, აგრესიულ და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, თავი უნდა შეიკავოს ყველა მხარემ, განსაკუთრებით იმან, ვინც ახდენს პროვოცირებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.