ოპოზიციაში ყველას, ვისაც სურს, ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს, აქვს მოსაწვევი, თუმცა უკვე ვხედავთ ძალებს, რომლებმაც ეს მოსაწვევი სანაგვეში გადააგდეს და უარი თქვეს, საქართველოს ევროპულ მომავალზე იმუშაონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„პოლიტიკურმა პარტიამ „ლელომ“ და ამ ბანაკმა, რომელიც თავის თავს „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრედ და ჩამნაცვლებლად მოიაზრებს, პირდაპირ საბოტაჟი გამოუცხადა საქართველოს სამომავლო ევროპული გეგმის შესრულებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ბანაკმა ზურაბ ჭიაბერაშვილის პირით განაცხადა, რომ წელს ცხრა დათქმაზე მუშაობის დრო არ არის.
„ეს არ უნდა გამორჩეს საზოგადოებას. თითოეული განცხადების უკან დგას პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამას თავისი წონები აქვს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება არჩევნებში აწონის. ჩვენ გვაბრალებდნენ, „ქართულ ოცნებას“ არ სურს ევროკავშირის გეგმებზე სწრაფად, ეფექტურად მუშაობაო და დღეს, ამ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მინისტრიც იყო, პრაქტიკულად თვითონ თქვა, წელს ვერ მოხერხდება ამ გეგმის შესრულება, ახლა ამის დრო არ არის, საარჩევნო წელიაო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას ოთხწლიანი პერიოდი მოქალაქეების დასარწმუნებლად უნდა გამოეყენებინა, თუ რით არიან განსხვავებული, რატომ არიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უკეთესი და რის გაკეთებას შეძლებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თუმცა, ამის ნაცვლად, ისინი პირდაპირ ჩასხდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტაბილიზაციის გეგმაში, გახდნენ მისი პოლიტიკური საცეცები, ინსტრუმენტები და თავი გამოაყენებინეს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ პარტიებს იქაც უღალატა, მათი ინტერესები საერთოდ არ გაითვალისწინა და როცა დასჭირდა, ისე კარგად შემოვიდა პარლამენტში, როგორც დაგიბარებიათ. ამათ არწმუნებდნენ, არ შეხვიდეთო და მერე თვითონ შემოვიდნენ, მანდატებიც აიღეს, ხელფასებსაც იღებდნენ და პარლამენტში რასაც აკეთებდნენ, საზოგადოებამ ეს ყველაფერი ნახა. როცა ისტორიამ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის არასანდო პარტია, როცა მოქალაქეებმა და პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ ის არის არასანდო პარტია, პარლამენტში შესულ ახალ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც აქვთ ფული ბიუჯეტიდან, აქვთ წვდომა მედიაზე და აქვთ საპარლამენტო ბერკეტებიც და წარმომადგენლობაც, როგორ შეიძლებოდა, მთელი თავიანთი პოლიტიკური კაპიტალი და ნდობა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაეფუძნებინათ?! ასე გააკეთეს. დღეს კი ცდილობენ დისტანცირებას, რადგან მიხვდნენ, რა პოლიტიკურ ხაფანგშიც აღმოჩნდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკვე გვიან არის და მათ ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევთ, რათა ამ არჩევნებში რაღაც შედეგი აჩვენონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას არჩევნებზე პროცესების რადიკალიზაციის მოლოდინი, თალაკვაძემ თქვა, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება და არა არჩევნების დღისთვის.
„სხვათა შორის, შიგნით ამბობენ, ისე ვემზადებით არჩევნების მეორე დღისთვის, ერთი სული გვაქვს, ეგ დღე როდის დადგებაო. ამას ამბობენ ოპოზიციის შიგნით და რეალურად, ასეც არის. ისინი უფრო მეტად ემზადებიან მეორე დღისთვის, ვიდრე პირველი დღისთვის, თუმცა ჩვენი რჩევაა, პირველი დღისთვის მოემზადონ და წინა დღეებისთვის, როდესაც მოქალაქეებს უნდა შეხვდნენ და აუხსნან, ვინ ჰყავთ ლიდერები, რომლებიც პროგრამების შესრულებას შეძლებენ, რა არის მათი პროგრამები და რით სჯობს სხვის პროგრამებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ იყოს პროგრამების და ლიდერების შეჯიბრი, თუმცა, მაღალი ალბათობით, მათი მხრიდან იქნება დესტრუქცია და სამზადისი არჩევნების მეორე დღისთვის, მაგრამ რაც წინა არჩევნებზე დაავიწყდათ, ის არ უნდა დაავიწყდეთ ახლაც, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ მოქალაქეების ხმები სანაგვეში გადაყაროს, არავის არ მივცემთ იმის უფლებას და საშუალებას, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით სცადონ რომელიმე ოთახში შესვლა. ამის მცდელობები იყო და ნახეთ, მერე როგორც დასრულდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძემ თქვა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ შეუძლია, „ქართულ ოცნებას“ რეალური პოლიტიკური კონკურენცია გაუწიოს და კარგი იქნება, თუ საზოგადოება მომავალში უფრო პასუხისმგებლობიან ოპოზიციას შეარჩევს, რომელიც ხელისუფლებისთვის საქმიანი ოპონირების გაწევას შეძლებს.
„დამთავრდა ინტრიგების, დესტრუქციის და ერთკვირიანი პოლიტიკის დრო, რითაც რადიკალური ოპოზიცია იყო დაკავებული და ჩამოიშალა ყველა ის მოჩვენებითი გეგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, აქვს იმედი, რომ მოახლოებული არჩევნები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს უფრო კომპეტენტური და კონკურენტული ოპოზიცია, რომელსაც თავისი სიტყვის ფასიც ეცოდინება და ასევე ეცოდინება, რა არის ის საკითხები, სადაც თავის ქვეყანას არ უნდა დაუპირისპირდეს.