არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციაში ჯანსაღ ძალებს მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა შექმნა პარლამენტში მრავალპარტიული თანამშრომლობის არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიისა და დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ეს მიღწევა არ უნდა დაიკარგოს.
„მსურს, ოპოზიციაში ჯანსაღ ძალებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ. დიალოგით შევთანხმდეთ არა კატეგორიულ მოთხოვნებზე, არამედ შევთანხმდეთ იმაზე, რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას. დემოკრატია მოგეხსენებათ, არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. მისი ბოიკოტირება ვფიქრობ, არის პოლიტიკური შეცდომა. გაცილებით დემოკრატიულია ალბათ ბრძოლა და მოლაპარაკების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის სამუშაო პერიოდში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ და ვნახეთ ისიც, რომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი სიკეთე არ მოუტანია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.