არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციაში ფიქრობენ, საქართველო წარმატებას თუ მიაღწევს, ხელისუფლების მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, ისინი კი ვერაფერს მიიღებენ, ამიტომ არწმუნებენ ევროპელ პარტნიორებს, კანდიდატის სტატუსი არჩევნებამდე არ მოგვცენ
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველო წარმატებას თუ მიაღწევს, ხელისუფლების მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, მაგრამ ისინი სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებენ, ამიტომ დახურულ კარს მიღმა ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არჩევნებამდე არ მისცენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის გარეშე საქართველოს დატოვება მართებული გადაწყვეტილება არ იყო და ამან ქვეყანა დამატებითი რისკების წინაშე დააყენა, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეს რისკები მართა.
„რადიკალური ოპოზიცია როდესაც დაკავებულია ევრორეკომენდაციების და რეფორმების დისკრედიტაციით, ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას, ხელისუფლება პასუხისმგებლობით ასრულებს ყველა პუნქტსა და რეკომენდაციას, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენი მხრივ, პირობას ვაძლევთ თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შემდგომი განხილვის პროცესში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების მომენტი დადგება, საქართველოს ჰქონდეს შესრულებული ყველა რეკომენდაცია. ამის შემდეგ უკვე რჩება ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება. იმედი მაქვს და საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს მოლოდინი, ახლა საქართველოს თაობაზე იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან ევროპელი პოლიტიკოსებიც აცხადებენ, რომ საქართველო იმსახურებდა და დღეს კიდევ უფრო იმსახურებს ამ სტატუსს. გასულმა თვეებმა დაადასტურა, რომ საქართველოს დატოვება კანდიდატის სტატუსის გარეშე არ იყო მართებული გადაწყვეტილება, ამან გაააქტიურა ქვეყნის არაკეთილმოსურნე, მტრული ძალები და დამატებითი რისკების წინაშე დააყენა ქვეყანა. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ვმართეთ ეს რისკები, მოვიგერიეთ და ვამზადებთ ყველაფერს, რათა საქართველოს თაობაზე იყოს სათანადო გადაწყვეტილება მიღებული, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია მომავალშიც არ იქნება კონსტრუქციული.
„გვქონდა სურვილი, ოპოზიცია მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში, თუმცა დავინახეთ, რომ მათ არათუ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არამედ, პირიქით, ეშინიათ და არ უნდათ, რომ ეს 2024 წლის არჩევნებამდე მოხდეს. ამაში ხედავენ საფრთხეს სწორედ მათი პარტიული ინტერესებისთვის. ფიქრობენ, თუ საქართველო მიაღწევს წარმატებას, ამაში იქნება ხელისუფლების მნიშვნელოვანი წვლილი, საზოგადოების დიდი დამსახურება, მაგრამ ისინი ვერაფერს მიიღებენ სანაცვლოდ, ამიტომ დახურულ კარს მიღმა ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, არჩევნებამდე საქართველოს არ მისცენ კანდიდატის სტატუსი, რომ ამან ხელი არ შეუშალოს რადიკალურ ოპოზიციას საკუთარი გეგმების განხორციელებაში. ეს არ არის პატრიოტული მიდგომა, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. რადიკალური ოპოზიცია მომავალშიც არ იქნება კონსტრუქციული, საკუთარი წვლილის შეტანას არ აპირებს ევრორეკომენდაციების განხორციელების პროცესში. ჩვენ, ხელისუფლება, გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რეკომენდაციები ამომწურავად იყოს შესრულებული. ევროკავშირს ჰქონდეს სრული საფუძველი, საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. საქართველოსა და ევროპის ორმხრივ ინტერესებში შედის, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.