არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას უკვე ჰყავს ლიდერები, რომლებსაც აქციებიდან აგდებენ, არ სიამოვნებთ არცერთი შეკრება, რომელსაც არ ჰქვია მათი სახელი და ცდილობენ, ეს „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირონ
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას უკვე ჰყავს ლიდერები, რომლებსაც აქციებიდან აგდებენ, არ სიამოვნებთ არცერთი შეკრება, რომელსაც არ ჰქვია მათი სახელი და ცდილობენ, ეს „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირონ

გუშინდელი აქცია იყო საზოგადოების მიერ ორგანიზებული და ყველა ადამიანი არის საზოგადოების წევრი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საზოგადოება თავისით იკრიბება და უფრო მეტად, ფართო მონაწილეობით გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ვიდრე ამას ახერხებს ყველა ოპოზიციური პარტია ერთად, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, „რესპუბლიკის მოედანზე გუშინ აქციაზე საჯარო მოხელეები იყვნენ და რას ნიშნავს ეს“.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას უკვე ჰყავს ლიდერები, რომლებსაც აქციებიდან აგდებენ, ართმევენ მიკროფონს და მათი იქ დგომა საზოგადოებას მიუღებლად მიაჩნია.

„ეს არის პოლიტიკური ჩიხი, დისკრედიტაცია და ეს არის რადიკალური ოპოზიციის სტატუსი. მათ არ სიამოვნებთ არცერთი შეკრება, რომელსაც არ ჰქვია მათი სახელი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ცდილობენ, ეს დაუკავშირონ „ქართულ ოცნებას“. ეს მათთვის არის ძალიან დიდი კრახი, როდესაც საზოგადოება მათ გარეშე უფრო ფართო მანიფესტაციებს ატარებს და გამოხატავს საკუთარ აზრს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.

„თქვენი მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვის ამ ამოცანების შესრულება და დაცვა იმ ინტერესების, რომელიც ჩვენს სამშობლოს, თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახსა და შვილებს ეხება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გუშინ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „მოვდივარ!“ სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული შეკრების მთავარი სლოგანი იყო – „არა ომს!“ „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“. აქციის დასასრულს აქციის მონაწილეებს რეზიუმეს სახით წერილი გააცნეს. როგორც აღინიშნა, წერილში არის გზავნილები, ჩამოყალიბებულია პოზიციები, რის გამოც აქციაზე შეიკრიბნენ.