არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ აქვს მორალური უფლება, ზუგდიდის მე-6 სკოლის საქმეზე ისაუბროს
ოპოზიციას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ აქვს მორალური უფლება, ზუგდიდის მე-6 სკოლის საქმეზე ისაუბროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ამ საკითხზე მორალური საუბრის უფლება დეპუტატებს შორის, ოპოზიციიდან რამდენიმე გამონაკლის ადამიანს აქვს. დანარჩენებს მორალური უფლება არ გაქვთ, რომ ამ საკითხზე რაც დღეს ილაპარაკეთ, ილაპარაკოთ, რადგან არ გახსოვთ, არც ბოდიში მოგიხდიათ, არც არასოდეს მოგითხოვიათ კომიტეტის ჩატარება. იმ შემთხვევებზე – ელემენტარულად თქვენი კოლეგა ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც დღეს დეპუტატია, თქვენთან ერთად ესწრება ხოლმე პლენარულ სხდომებს და განიხილავს საკითხებს, ერთხელ არ მოგსვლიათ აზრად, რომ მისულიყავით მასთან და ბოდიში მოგეხადათ, რადგან ზაქარიას დედაც ზუსტად თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, დღეს რომ ხმამაღლა საუბრობთ, სკოლიდან გააგდო პოლიტიკური მოტივით. სასამართლოს წინ ერთი კვირით ადრე შეცვალეთ კანონმდებლობა, რადგან გჭირდებოდათ მაგ ადამიანის წინააღმდეგ. დღეს მოდიხართ აქ და ბაჩანა შენგელიას დედაზე ლაპარაკობთ ნიანგის ცრემლებით. რა მორალური უფლება გაქვთ, როდესაც 2011 წელს თბილისში 148-ე და 149-ე სკოლების დირექტორები გყავთ გაგდებული პოლიტიკური ნიშნით. გასაჩივრების უფლებაც არ მიგიციათ. ასეთი შემთხვევებით სავსე არის ყოველწლიური ანგრიშები.
აქ, ამ დარბაზში ერთ ადამიანს თუ სჯერა, დღეს ამ კომიტეტის ხელმძღვანელობა რომ ჩავაბარო რომელიმე ოპოზიციონერს, ეს ხალხი თუ ჩაატარებდა რამე მსგავს ღია განხილვას ასეთ თემაზე. არ ჩაატარებდნენ. მე ამ დარბაზში, როდესაც სახალხო დამცველის აპარატში ვმუშაობდი და უმძიმეს დარღვევებზე მოგვქონდა ანგარიშები, ეს დარბაზი ცარიელი იყო. არა მხოლოდ ერთი და ორი სკოლის დირექტორის ამბავი იყო იმ ანგარიშებში, საოცრებები იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„მინდა, გამოვხატო ჩემი სამძიმარი და მივუსამძიმრო ბაჩანა შენგელიას, ოჯახსა და ნათესავებს. ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი. არ მგონია, რომ საკომიტეტო განხილვამ, თუ რაღაც ახალი კანონის მიღებამ ან თუნდაც სკოლების შემოწმების წესის შეცვლამ, ამ ადამიანს დაუბრუნოს ყველაზე ძვირფასი მისთვის – დედა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მანამდე, კერძოდ, იმავე წლის ნოემბერში სკოლაში მოქალაქის წერილის საფუძველზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა შემოწმება დაიწყო.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალება პოლიტიკურ ზეწოლას მოჰყვა.
განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს განათლების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტზე მინისტრის მისვლა ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებიან ია კერზიას ოჯახის წევრები, მათ შორის შვილი, ბაჩანა შენგელია.