არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას მომდევნო არჩევნებისთვის სჭირდება არასტაბილური ცესკო, რათა თქვან, რომ წაგება მათი ბრალი კი არა, არამედ იმის დამსახურებაა, რომ ცესკო-ში ვიღაც ვერ დაინიშნა
რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ დაებლოკა კანდიდატი და ხელისუფლებას მოუწია, ექვსი თვის ვადით დაენიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს ყველაფერი ხდებოდა იმის ფონზე, როდესაც პრეზიდენტი და ოპოზიცია ამბობდნენ, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ცესკო-ს ახლანდელი თავმჯდომარის და ადმინისტრაციის კომპეტენციაში, ისინი კვალიფიციურები და პროფესიონალები არიან, კარგად ჩაატარეს, კარგი ადმინისტრირება გაუკეთეს არჩევნებს, რაც დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, მაგრამ მაინც არ დავუჭერთ მხარს ცესკო-ს დაკომპლექტებასო. ამას ერთადერთი ახსნა ჰქონდა, ამ ოპოზიციას სურდა, დაებლოკა საკითხი და რეალურად სურდა, ცესკო, როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სტაბილური ინსტიტუტი, ამ ქვეყანაში არ შემდგარიყო, ეს ყოფილიყო მუდმივი პოლიტიკური უთანხმოების საგანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას ეს სჭირდება, რადგან ბოლო დემოკრატიულ არჩევნებში ყოველ ჯერზე დამარცხდა, განცდილი თუ სამომავლო მარცხი ცესკო-ში არსებულ ვითარებას მიაწერონ.
„ეს სჭირდებოდათ იმაში, რომ კარგად ნახეს ყველა ბოლო დემოკრატიულ არჩევნებში, რომელიც წესების დაცვით, კონკურენტულად ჩატარდა, რაც დამკვირვებლების შეფასებაა, წააგეს და, შესაბამისად, მათ მომდევნო არჩევნებისთვისაც სჭირდებათ არეული, არასტაბილური ცესკო, რათა თქვან, რომ არჩევნებში წაგება მათი ბრალი კი არ არის, იმის ბრალი კი არ არის, რომ გაკოტრებული დღის წესრიგით მუშაობენ, მომავლის ლიდერები არ ჰყავთ, პარლამენტში დებატებში არ მონაწილეობენ და მხარს არ უჭერენ ეროვნული ინტერესების შესაბამის ინიციატივებს, არამედ თითქოს ეს იმის დამსახურებაა, რომ ცესკო-ში ვერ შეთანხმდნენ, ვიღაც ვერ დაინიშნა და ასე შემდეგ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტთა პრეტენზიას, რომ კანდიდატების მრავალფეროვნება არ იყო და ხელისუფლებას თავიდანვე მხოლოდ ერთ კანდიდატზე, გიორგი კალანდარიშვილზე ჰქონდა სწორება, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას სწორება ჰქონდა იმაზე, რომ საქართველოს ჰყავდეს პროფესიონალური, ობიექტური, ეფექტიანი და სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელზეც ყოველ ექვს თვეში არ ხდება პოლიტიკური უთანხმოება და რომელიც ყოველ ექვს თვეში არ ხდება პოლიტიკური თავდასხმების სუბიექტი.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს, თითქოს ცესკო-ს ნდობით აღჭურვისთვის იბრძვის და აცხადებს, რომ თავმჯდომარე ერთპარტიულად არის არჩეული, სინამდვილეში კი არ სურს კანდიდატის შეთანხმებულად შერჩევა და ადმინისტრაციის დაკომპლექტება ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რადგან მომავალ არჩევნებში კრახს ელის და იტოვებს შანსს, ეს საარჩევნო ადმინისტრაციას გადააბრალოს.
„ცესკო, საარჩევნო ადმინისტრაცია ნდობით აღჭურვილი იქნება მაშინ, როდესაც შენთვის მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, რომელზეც საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ წესების დაცვით, კონკურენტულ პირობებში, ყველა ძირითადი უფლებების გარანტიით ჩატარდა; ცესკო, საარჩევნო ადმინისტრაცია ნდობით აღჭურვილი იქნება მაშინ, როდესაც საკუთარი წარუმატებლობის გადაბრალებას საარჩევნო მოხელეებზე კი არ დაიწყებ, არამედ გამოხვალ და შენს ამომრჩევლებს გულწრფელად, პატიოსნად ეტყვი, რატომ წააგე არჩევნები. საერთოდ, წაგებაზეც არ არის ლაპარაკი. აგერ, შუალედურ არჩევნებში საერთოდ არ მიიღეს მონაწილეობა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა. ეს არის დემოკრატიისგან და დემოკრატიული წესებისგან უხეში გადახვევა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის სცენარი ძალიან მარტივია და ეს არის პოლიტიკური აფიორა, რომელიც ოპოზიციას სურს, ცესკო-სთან მიმართებაში გააკეთოს, მაგრამ ეს არ გამოუვათ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, როგორ იქნება აღქმული ევროპელი პარტნიორებისგან საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება და იმ ჩანაწერის შეცვლა, რომელიც ორი წლის წინ შარლ მიშელის შეთანხმების კონტექსტში მიიღეს და ამასთან, ევროკომისიის მეორე პუნქტშიც მითითებულია ეუთო-სა და ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც, მათ შორის, საარჩევნო სისტემას უკავშირდება, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის უკლებლივ ყველა ქვეყანაში მოქმედებს ცესკო-ს დაკომპლექტების ისეთი წესები, რომელიც საქართველოს ცვლილებების შემდეგ ექნება.
მისივე თქმით, ცვლილებები ემსახურება იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ გახდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაყოფა-ვაჭრობის საგანი, ბოიკოტირების, ძირის გამოთხრის სუბიექტი და ქვეყანას ჰყავდეს სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია.