არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - მოგწონთ ჩვენ მიერ შექმნილი დემოკრატია, მაგრამ ამის აღიარება არ შეგიძლიათ
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - მოგწონთ ჩვენ მიერ შექმნილი დემოკრატია, მაგრამ ამის აღიარება არ შეგიძლიათ

თქვენ მოგწონთ ჩვენ მიერ შექმნილი დემოკრატია, მაგრამ ამის აღიარება არ შეგიძლიათ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

„ჩვენ ვხედავთ საკითხებს, რომელზეც ხალხმა თავისი პოზიცია გვითხრა. ამაზე იქნება ადეკვატური პოლიტიკური რეაქციები, როგორც მეორე ტურამდე, ისე მის შემდეგ.

მადლობა საზოგადოებას და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს. ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ მეორე ტურში. „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა და გუნდი, რომელიც ამ გამოწვევას უპასუხებს, გუნდი, რომელიც ხვალინდელ დღეზე იქნება პასუხისმგებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ასევე შეაფასა ახალქალაქში მომხდარი ფაქტი. მისი თქმით, ძალადობის ესკალაცია ვაშაძის მხარდამჭერებმა დაიწყეს.

„რაც შეეხება ახალქალაქში მომხდარ ფაქტს, ვემიჯნებით ძალადობას და ეს ის მეთოდი არაა, რომლითაც ჩვენ არჩევნებში რაიმე შედეგს ვიღებთ. გამოძიება ამ ფაქტზე დაწყებულია. ძალადობის ესკალაცია სწორედ ვაშაძის მხარდამჭერებმა დაიწყეს, როცა დემონსტრაციულად ჩამოხიეს პლაკატები და სავარაუდოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს ზურაბიშვილის მხარდამჭერებს.

რაც შეეხება სამოქალაქო ომს, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და მშვიდობის გარანტია. ეს არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.