არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - ბატონებო, თქვენი „თებერვლები“, „მაისები“ და „ნოემბრები“ იყო საშინელი, ერთი ლიტერატურული გამოსვლა მაგასაც რომ მიუძღვნათ, ცუდი არ იქნებოდა
ბატონებო თქვენი „თებერვლები“, „მაისები“ და „ნოემბრები“ იყო საშინელი. ერთი ლიტერატურული გამოსვლა მაგასაც რომ მიუძღვნათ ცუდი არ იქნებოდა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს რეფორმებს, რომელიც ზუსტად პასუხობს არსებულ გამოწვევებს.
„ყველა სახელმწიფოს აქვს კრიმინალთან ბრძოლის, დანაშაულთან ბრძოლის გამოწვევა, ეს აქვს საქართველოსაც. მნიშვნელოვანია რას აკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით. ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა . ეს არის ადამიანის უფლებების რეფორმა, რომელიც არასოდეს ყოფილა თქვენი ხელისუფლების პირობებში პრიორიტეტი. ეს არის პრევენციული მიმართულებები მართლწესრიგის ოფიცერი, ვიდეომონიტორინგის ახალი სისტემა საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც მიზეზებზე არის სწორება და ის, რომ კრიმინალური სამყარო იქვე პრევენციულად ამ საკანონმდებლო ცვლილებებში არის ზუსტად მიმართული და არის კონკრეტული ქმედებები ჩადებული, როცა კრიმინალურ სუბკულტურას ვეხებით, თუ კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას ვეხებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო სხვა მნიშვნელოვანი რეფორმებიც ტარდება, ეს არის ტექნოლოგიური გადაიარაღება, ეს არის მართვის გაუმჯობესება, თუ საგამოძიებო რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
„აქ ქალბატონმა ირმამ ძალიან სანდომიანი ლიტერატურული ხმით წაიკითხა თებერვლის დანაშაულები. ბატონებო! თქვენი „თებერვლები“, „მაისები“ და „ნოემბრები“ იყო საშინელი. ერთი ლიტერატურული გამოსვლა მაგასაც რომ მიუძღვნათ ცუდი არ იქნებოდა. მე გავაგრძელებ თებერვლის ამბებს, ბოლომდე ვერ ჩამოთვალა ირმამ, როგორც ჩანს – 192 დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, წარმოგიდგენიათ ეს რა საშინელებაა?! 1154 დანაშული საკუთრების წინააღმდეგ – თებერვალი ისევ, ეს ავბედითი თებერვალი. 267 დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ – ისევ თებერვალი, მაგრამ ეს ყველაფერი იყო 2011 წელს. 2011 წელს საშუალოდ 88 დანაშაული ხდებოდა დღეში. მემგონი ესეც რომ წაგეკითხათ ასეთი ლიტერატურული აღტყინებით, არ იქნებოდა ცუდი. სხვათაშორის, დავეთანხმები მამუკა მდინარაძეს იმაში, რომ მარტო დანაშაულები რომ გამოაცხადეთ და რეაგირებაზე ხმა არ ამოგიღიათ, ეს ნამდვილად გამოიღებს ეფექტს და დანაშაულის წახალისებას მოემსახურება. იქვე უნდა მოყვეთ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შსს, მხოლოდ ჩვენი პოლიციელები, ეს არის თქვენი პოლიციაც, თქვენი შსს და თქვენი მთავრობაც. თქვენს უსაფრთხოებასაც იცავენ ეს ადამიანები“, – განაცხადა თალაკვაძემ.