არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას არ სურს, იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არც პანდემიის პირობებში არჩევნებზე მისული 2 მილიონი მოქალაქის არჩევანი გაითვალისწინა, არც საკუთარი მხარდამჭერების სურვილი, რომ პარლამენტში ძლიერი ოპოზიცია არის საჭირო და უარი თქვა დემორკატიაზე.
„სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არც პანდემიის პირობებში არჩევნებზე მისული 2 მილიონი მოქალაქის არჩევანი გაითვალისწინა, არც საკუთარი მხარდამჭერების სურვილი, რომ პარლამენტში ძლიერი ოპოზიცია არის საჭირო და არც პოლიტიკური დიალოგის დროს მიცემული პირობა – მათ უარი თქვეს საერთოდ პარლამენტში შესვლაზე და მონაწილეობაზე, შესაბამისად, უარი თქვეს დემოკრატიაზე, ვინაიდან დემოკრატია მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია.
გვაქვს მოცემულობა, როდესაც ოპოზიციას არ სურს, იყოს ოპოზიცია, რაც თავისთავად დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა. პარლამენტის ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს „დიახ, თქვენ მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მუშაობა, არ გვინდა მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, თუმცა, გვინდა დაფინანსება და მზად ვართ, თქვენი გადასახადები დავხარჯოთ“ – დამეთანხმებით, ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. გვესმის განცხადებები, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს ცვლილებები – ეს მიუღებელია და არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. ძალადობაზე სახელმწიფოს ექნება იგივე რეაქცია, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში აქვს მართლმსაჯულებას“, – განაცხადა თალაკვაძემ საპარლამენტო საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.