არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ, შედეგებს არ ვაღიარებთ, ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა არის შეუძლებელი
ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა არის შეუძლებელი, ვინაიდან პანდემიის პერიოდში ორმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მათ აირჩიეს პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად მათ აირჩიეს, რომ ამ პარტიებს ყველას გვემუშავა პარლამენტში, ვინც სცა პატივი მოქალაქეების არჩევანს, ცხადია, ეს არის „ქართული ოცნება“ და ორი ოპოზიციური პარტია და ვინ უგულებელყო ჩვენი მოქალაქეების არჩევანი ესეც ცხადია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„შესაბამისად, ამ პრინციპით თუ არ მოვიგებთ, არ ვაღიარებთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ვერც საარჩევნო რეფორმას გავაგრძელებთ და ვერც შევთანხმდებით, თუ რეალურად რას ნიშნავს დემოკრატიული არჩევნები. მოგვიწოდებენ დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასდროს არ დათმობდნენ და მეტსაც გეტყვით, ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც არც კი ეკუთვნით მათ. რაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს, ზურგი უნდა შევაქციოთ თურმე ჩვენს მხარდამჭერებს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები.
შესაბამისად, არ ჩანს ის სამართლიანი პირობა, რომ მომდევნო არჩევნებში თუ „ქართული ოცნება“ ისევ გაიმარჯვებს და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ძალიან კარგ შედეგს ვაჩვენებთ მომდევნო არჩევნებშიც, მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ ამ ადამიანებს არ ექნებათ იგივე დამოკიდებულება, რაც აქვთ ახლა. ვინაიდან, რვა მარტის შეთანხმებაში სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ აუცილებლად პატივს სცემდნენ და დაემორჩილებოდნენ ხალხის არჩევანს, თუ გაკეთდებოდა კონკრეტული რეფორმები. ჩვენ ეს რეფორმები გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქაც დაარღვიეს პირობა და არ დაუჭირეს მხარი, პარლამენტში არც კი მოვიდნენ კენჭისყრაზე როდესაც მათთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განიხილებოდა აი ეს არის დამოკიდებულებები რამდენიმე კონკრეტული მაგალითი რომ გაჩვენოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.