არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია თუ არ დათანხმდება ჩვენ შეთავაზებას, შეთანხმების ფანჯარა თებერვლის ბოლოს იხურება
საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ოპოზიცია თუ არ დათანხმდება ჩვენს შეთავაზებას, შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს იხურება, რადგან დრო აღარ გვრჩება ფიზიკურად, რომ პარლამენტმა ეს ცვლილებები ასახოს კანონმდებლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, კანონმდებლობაში ცვლილებების ასახვას ყველაზე ცოტა სამი თვე სჭირდება.
„ჩვენი შეთავაზება 100/50 არის მოლაპარაკებების მაგიდაზე. ოპოზიციისგან უკვე მომდევნო რაუნდზე ველოდებით პასუხებს. ოპოზიცია თუ არ დათანხმდება ამას, შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს იხურება, რადგან ჩვენ დრო აღარ გვრჩება ფიზიკურად, რომ პარლამენტმა ეს ცვლილებები ასახოს კანონმდებლობაში. ამას სჭირდება სამი თვე მინიმუმ და მოგეხსენებათ, უკვე ეუთო/ოდირის დასკვნაც მივიღეთ, სადაც წერია, რომ სასურველია საერთოდ ხელისუფლებამ და პარლამენტმა არ ახლოს ხელი საარჩევნო სისტემის დიდ ცვლილებებს საარჩევნო წელიწადში, რასაც თუ გავითვალსიწინებთ. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნას კიდევ უფრო ნაკლები საფუძველი რჩება, თუმცა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შეთავაზება ძალაშია და გვინდა, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ ნამდვილად. არც ისე უნდა გაიგოს ვინმემ, რომ ხელისუფლება მხოლოდ ამ დესტრუქციულ ოპოზიციასთან შეთანხმებაზე ამყარებს იმედებს. ისინი თუ არ დათანხმდებიან ამ მოდელს, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ჩვენ გვყავს განვითარებული და ძლიერი საზოგადოება, ვინც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მომავალი იყოს პოზიტიური და უზრუნველყოფს იმას, რომ გავაგრძელოთ საქმე, რისი გაკეთებაც ყველას გვჭირდება და გვინდა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.