არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს თუ გადადგამს და სიტუაციას რეალურად შეაფასებს, ნამდვილად შესაძლებელია, შეთანხმება შედგეს
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს თუ გადადგამს და სიტუაციას რეალურად შეაფასებს, ნამდვილად შესაძლებელია, შეთანხმება შედგეს

დღეს იყო ძალიან ჯანსაღი და საღი დისკუსია, რომელიც საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების პროცესსა და შეთანხმებას ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღევანდელ შეხვედრაში პოზიტიური იყო ის, რომ მეტი დრო დაეთმო საერთო საკითხებისა და საერთო არგუმენტების მოძებნას.

„დღეს ოპოზიცია როგორც იყო წარმოდგენილი და რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ამ დიალოგის მიმართ, ეს იყოს საერთო სტანდარტი სხვა დროსაც. პარლამენტშიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს ზუსტად ისეთი ოპონირება და ისეთი საუბარი, რაც დღეს ვნახეთ აქ, ევროკავშირის ფასილიტაციით მიმდინარე დიალოგის მაგიდასთან. დღევანდელ შეხვედრაში პოზიტიური იყო ის, რომ ჩვენ მეტი დრო დავხარჯეთ საერთო საკითხების და საერთო არგუმენტების მოძებნაზე, პოზიციების შეთანხმებაზე, ვიდრე დაპირისპირების საკითხებზე და განსხვავებების ძებნაზე ჩვენს პოზიციებს შორის. გუშინაც განვაცხადე და დღესაც ვამბობ, რომ დიალოგის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ მოვძებნოთ საერთო პოზიციები და არა განსხვავებები ჩვენს შორის, რომელიც არის უამრავი და არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევთანხმდებით ვერც მომავალში, თუ ამას პოლიტიკურ ჭრილში არ განვიხილავთ. ამასთან, ხაზგასმით ვამბობ, რომ პოზიციები ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე არის ძალიან დაახლოებული. პრინციპში შეთანხმებისთვის ეს საკითხები მზად არის დღევანდელი დისკუსიის შემდეგ და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ნამდვილად არის შესაძლებელი, თუ ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს და სიტუაციას რეალურად შეაფასებს, რომ ეს შეთანხმება შედგეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებში ჩართულია იმიტომ, რომ პატივს სცემს იმ თანამოქალაქეებს, ვინც ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირა მხარი.

როგორც სახელისუფლებო გუნდი ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად განვახორციელებთ, ასევე მინდა ვთქვა, რომ ნურავინ წარმოიდგენს ისე, რომ თითქოს ჩვენ რომელიმე ოპოზიციონერს, ვინც დღეს იყო აქ მოსული, „ქართული ოცნება“ სთხოვს, რომ გინდა თუ არა პარლამენტში შემოვიდეს. ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ჩართული ვართ იმიტომ და ვხარჯავთ ძალისხმევას იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ჩვენს იმ თანამოქალაქეებს, ვინც ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირა მხარი. თუმცა აქვე, მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ასევე ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომლითაც შეიძლება, ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი მხარდამჭერების ნდობა დადგეს დარტყმის ქვეშ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რა საკვირველია, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოთხოვნის განხილვა თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.