არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია პრაგმატულ და რეალურად კომპრომისულ ნაბიჯებს თუ გადადგამს, შეთანხმება მიღწევადია, ვფიქრობ, უკვე ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან
პრაგმატული, გონივრული გადაწყვეტილებები და კომპრომისული ნაბიჯები თუ გაკეთდება ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, შეთანხმება მიღწევადია – უკვე ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის შეხვედრაზე.
„დღეს მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში ბატონი ბორელის და ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან. პირველ რიგში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, როგორც ლეგიტიმურს და სამართლიანს, რომელიც ჩატარდა კონკურენტულად, ფუნდამენტური უფლებების დაცვით. მან ასევე გააკეთა ძალიან დიპლომატიური, მაგრამ გამოკვეთილი გზავნილი პარლამენტთან დაკავშირებით და თქვა, რომ ყოველგვარი მცდელობა, პარლამენტის გვერდის ავლით მოხდეს საკითხების გადაწყვეტა, არ ჯდება დემოკრატიის ევროპულ სტანდარტში. ეს ზუსტად ის არის, რასაც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ჩვენც ვამბობდით, რადგან ვხედავდით, რომ სახეზე იყო არჩევნებისთვის, შემდეგ კი უკვე საპარლამენტო პროცესისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან. დიალოგის განახლებისა და ამ ფორმატში წარმართვის საფუძველიც სწორედ ეს გახდა, რომ ევროპელებმაც დაინახეს პოლიტიკური ძალები და ისეთი ლიდერები ოპოზიციაში, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიეღოთ ცვლილებები ქვეყანაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება თავის შეფასებებსა და ნაბიჯებში იყო თანმიმდევრული.
„დავიწყოთ იქედან, რომ არჩევნებზე, მიუხედავად პანდემიისა, მათ სადამკვირვებლო მისიები ჩართეს, ეუთო-ოდირის საერთაშორისო მისიამ შეაფასა არჩევნები. შემდეგ გააკეთეს პირველადი შეფასებები ძალიან სწრაფად, არჩევნების დასრულებისთანავე. შემდეგ უკვე ევროკავშირის ელჩი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ერთად იყო ჩართული ფასილიტაციის პროცესში და როდესაც ამ ყველაფერმა კონკრეტული შედეგები ვერ გამოიღო, უკვე ევროკავშირის მხრიდან ჩაერთო პრეზიდენტი მიშელი და მისი სპეცწარმომადგენელი, რომელიც ახლაც თბილისში იმყოფება. ყველასთვის ნათელია, რომ მოლაპარაკებას და შეთანხმებას სჭირდება პასუხისმგებლიანი ორი მხარე, ერთი მხარე თავის თავს ვერ შეუთანხმდება. თუ მეორე მხარეს არღვევს თამაშის წესებს, რა თქმა უნდა, ამ წესებით შეთანხება ხდება შეუძლებელი. ჩვენ მუდმივად ვხედავდით, რომ ოპოზიცია ცდილობდა დაებლოკა ეს პროცესი, შემოეტანა დღის წესრიგში ისეთი საკითხები, რომელიც პირდაპირ უშლიდა ხელს შეთანხებას. შეგახსენებთ ორი კონკრეტული ადამიანის – ოპოზიციის ლიდერების განცხადებებსაც – ეს იყო ბატონი ელისაშვილი და ბატონი ხვიჩია. მათ პირდაპირ უთხრეს საზოგადოებას, რომ ოპოზიციური მაგიდის გარშემო ოპოზიციონერებმა კონკრეტული ადამიანების მხრიდან მიიღეს დავალებები, რომ ეს დიალოგი არ უნდა ჩაიშალოს, ხოლო მეორე ჯერზე იყო მითითება, რომ მოდით ხელი მოვუწეროთ ხელისუფლებას შეთანხმების პირობაზე და შემდეგ ჩვენ არ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, მათ კი მოუწევთ შესრულება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.