არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ევროპარლამენტს ევროკავშირად მოიხსენიებს და ევროპული პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს ევროკავშირის სახელით მოლაპარაკედ მიიჩნევს, რაც არის საზოგადოების დაბნევის მცდელობა
ის ოთხი-ხუთი ევროპარლამენტარი, ვისაც მუდმივად შენიშვნები აქვს, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„როცა აქ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, იქ ერთ-ერთი იყო პრემიერ-მინისტრი, მეორე იყო თავდაცვის მინისტრი და მესამე სხვაგან იყო სხვა თანამდებობაზე, თავის ქვეყანაში, დღეს ისინი არიან ევროპარლამენტში და რა თქმა უნდა, მხარს უჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, მთავარი არის ევროპარლამენტის ანგარიში და ეს ანგარიში არის საქართველოს მხარდამჭერი.
„შესწორებები შეიტანა უმრავლესობამ და დღეს, ევროპარლამენტში უმრავლესობაში არის სახალხო პარტია. მიქსერი არის კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯგუფის ხელმძღვანელი და როდესაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი ცვლილებებს, ის ვალდებულია, ცვლილებები ასახოს და გამოიტანოს მთავარ სხდომაზე. ყველა სამართლიან კრიტიკას და ყველა დასაბუთებულ რეკომენდაციას „ქართული ოცნება“ აღიქვამს და იღებს, როგორც შესაძლებლობას, რომ რაღაც გააუმჯობესოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს.
„წინა რეზოლუცია ხომ გახსოვთ, რომელიც ბევრად მწვავე იყო? აგერ, თქვენთან ქალბატონი სამადაშვილი რომ ამბობდა, ევროპარლამენტი კიბეა და დომინო, იქ რაც გაისმება, მერე ყველაფერი ევროკავშირის აღმასრულებელ რგოლში არის გათვალისწინებულიო, მაშინ მითხარით, მაშინ რომ ჩაწერეს რეზოლუციაში, ევროპულმა საბჭომ, ანუ ევროპის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა რეკომენდაციებში რატომ არ ჩაგვიწერეს ისე, როგორც ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეწერა? აი, ამაშია საქმე. დღეს ბევრი კომენტარი ვნახე, ოპოზიცია როგორ ცდილობს, მოატყუოს საზოგადოება – ევროპარლამენტს ევროკავშირად მოიხსენიებს და ევროპული პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს ევროკავშირის სახელით მოლაპარაკედ მიიჩნევს, რაც არის საზოგადოების დაბნევის მცდელობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ მელიები, ხაბეიშვილები და ა.შ, პოლიტიკური აფთრებივით ყოველდღე ლანძღავენ ბიძინა ივანიშვილს და შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ ის პოლიტიკიდან გავიდა და ამ ადამიანებისთვის პასუხიც კი არასოდეს დაუბრუნებია, ოპოზიცია კი ლანძღვით აგრძელებს ცხოვრებას და ისინი ყოველდღე რომ ერთი და იმავეს იმეორებენ, რისიც თავადაც არ სჯერათ, ამიტომ ეშლებათ პარტია.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ აფასებს რეზოლუციაში შესწორებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიგარქიული გავლენები უნდა შემცირდეს, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ არავითარი ოლიგარქია აქ არ ყოფილა, რადგან ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად იყო პარტიის თავმჯდომარე და ოფიციალურად იყო პრემიერ-მინისტრი.
„ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრი ხომ ნახეთ? მითხარით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც არის წარმატებული და მდიდარი ადამიანი, ამის გამო პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალება? ამიხსენით, რა ლოგიკას ვავითარებთ? ოფიციალურად იკავებდა ბატონი ივანიშვილიც თანამდებობას, პრემიერ-მინისტრი იყო და პარტიის თავმჯდომარე იყო. ამის შემდეგ გავიდა ადამიანი პოლიტიკიდან და მისი რამე განცხადება მაინც გინახავთ?“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეკითხვაზე, რატომ მოუწოდებენ ცალკეული ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვას და რატომ ხედავენ წერეთლისა და კეზერაშვილის სასამართლო საქმეების მიღმა პოლიტიკურ ინტერესებს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ თუ პარლამენტი „ქართულ ოცნებას“ სთხოვს, სასამართლოს მითითება მისცეს, ეს არ არის ევროპა და ეს არ არის ევროპის პრინციპი.
„სასამართლო განიხილავს ყველა ინსტანციის მიხედვით და სად იყო მანდ შეფერხება? თუ პოლიტიკური ორგანო, პარლამენტი ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ გვთხოვს, სასამართლოს უთხარით, რომ ასე გააკეთოსო, ეგ არ არის ევროპა და ეს არ არის ევროპის პრინციპი. ევროპის პრინციპი არის კანონის უზენაესობა და ევროპაში ვერავინ გაბედავს, დანაშაულის ჩადენის მერე გაიქცეს და ჟურნალისტებს ამოეფაროს, ან გაიქცეს და პარტიის უკან დაიმალოს. თქვენ რა, არ გინახავთ ევროპის ყოფილი ლიდერების, პრემიერ-მინისტრების, თუ პრეზიდენტების სასამართლოები? გინახავთ, თუ არ გინახავთ, ამ ორი წლის განმავლობაში? მაშინ, რა ხდება?“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.