არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ცდილობს, არჩევნებში მოსალოდნელი მარცხი გადააბრალოს სხვა გარემოებებს, კამპანიას გაააქტიურებენ გაზაფხულზე, მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა, სიმართლე უთხრან ამომრჩეველს
ოპოზიცია ცდილობს, არჩევნებში მოსალოდნელი მარცხი წინასწარ გადააბრალოს სხვა გარემოებებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კამპანიას ოპოზიცია გაზაფხულზე გააქტიურებს.
„საქართველოს დღეს აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ისეთი წესი და მოდელი, როგორიც აქვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. ყველა შუალედურ არჩევნებში რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო დამკვირვებლებმა 12 ქვეყნიდან დაადასტურეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ ხელმძღვანელით, ამ შემადგენლობით ზედმიწევნით, ზუსტად და კანონის დაცვით ჩაატარეს არჩევნები. მეტსაც გეტყვით, მათ წარმატებით შეძლეს, ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგვა, რომელიც პირდაპირ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ახლა ოპოზიციას ამის დისკრედიტაციაც აქვს დაწყებული, ცდილობენ, თავისი მარცხი, რომელიც გარდაუვლად მიაჩნიათ, წინასწარ გადააბრალონ სხვა გარემოებებს და სხვა ადამიანებს. ანუ, ისინი უკვე ცდილობენ, არჩევნებში მოსალოდნელი მარცხი გადააბრალონ საარჩევნო ადმინისტრაციას, დაფინანსებას, ტელევიზიებს, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ევროპას და ასე შემდეგ. ვნახავთ, რომ ამ კამპანიას მხოლოდ და მხოლოდ გაააქტიურებენ გაზაფხულზე, მორიგ ჯერზე ოპოზიციას არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ სიმართლე უთხრას თავის ამომრჩეველს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.