არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს - მხარდამჭერებს ვერ ეუბნებით, რომ წააგეთ არჩევნები, რასაც აკეთებთ, არის ყურადღების გადატანა მარცხიდან სხვა საკითხზე
ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ოპოზიციის რადიკალური ბანაკი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, სწორედ ეს შემდგომი პერიოდი არის ახლა, ისინი ცდილობენ, რომ პოლიტიკური მარცხისგან ყურადღება გადაიტანოს სხვა ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.
„პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერის და მოთმინებისთვის, არჩევნების დასრულებამდე ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ოპოზიციის რადიკალური ბანაკი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. სწორედ ეს შემდგომი პერიოდი არის ახლა, როდესაც ეს პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, რომ პოლიტიკური მარცხისგან ყურადღება გადაიტანოს სხვა ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც შეიძლება, რაიმე ემოცია შეიქმნას ჩვენს საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს მადლობას მხარდაჭერისთვის და მოთმინებისთვის. ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნება“ მომავალზე აიღებდა პასუხისმგებლობას და გავიმარჯვეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან არჩევნებში. მომავალზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ზუსტად ახლა ვმუშაობთ მომავლის ბიუჯეტის პროექტზე, განათლების, სოციალური, ინფრასტრუქტურის მიმართულებებზე და ზუსტად ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის საინტერესო. რაც შეეხება ოპოზიციონერების რიტორიკას, ზოგიერთი კოლეგა გამოვიდა ძალიან შეწუხებული, რომ რა ხდება ამ ქვეყანაში, როგორ შეიძლება, რომ მიხეილ სააკაშვილზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ამათ დღის წესრიგზე ვილაპარკოთო, მართლა გინდათ თქვენ, რომ საქმეზე ვილაპარაკოთ? რაღაც მედიაზე არ გეტყობათ, რომ მართლა ეს საკითხები გაინტერესებდეთ, ერთს ლაპარაკობთ, მეორეს აკეთებთ. თქვენი ყველანაირი აქტივობა ამ ორი თვის და ამ კვირების განმავლობაში ერთადერთ სახეს ატარებს, ვერ ეუბნებით მხარდამჭერებს, რომ წააგეთ არჩევნები და ერთადერთი, რასაც აკეთებთ, არის ყურადღების გადატანა მარცხიდან სხვა საკითხზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.