არჩილ თალაკვაძე - ოპონენტების განცხადება, თითქოს ნულოვანი ბარიერი სატელიტი პარტიების შექმნას ემსახურება, პოლიტიკური თვალთმაქცობაა
დღეს ჩვენ რაც მოვისმინეთ, არის პოლიტიკური თვალთმაქცობა, როდესაც ოპონენტები ამბობდნენ, რომ თითქოს, ნულოვანი ბარიერი ემსახურება სატელიტი პარტიების შექმნას – მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რეალურად, ეს არის პირიქით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.
„ამ მომენტში მოცემულობა, რომელიც გვაქვს – თუ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივცემთ საშუალებას, რომ ისევ თვითონ ჰქონდეს ექსკლუზივი ოპოზიციონერობაზე, ზუსტად ეს ემსახურება სატელიტი პარტიების შექმნას. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახოთ, რა ბლოკით არიან ისინი გასული რამდენიმე არჩევნებში, ვნახოთ, როგორც არის განაწილებული უფასო საეთერო რეკლამები არჩევნების დროს, ვნახოთ დაფინანსების ფორმულა და რა ფინანსები აქვთ ბიუჯეტიდან მიღებული პარტიებს. ზუსტად აქ ჩანს, რომ თუ ვინმეს სატელიტების და თუ ვინმეს მონოპოლიის დამყარების მიდრეკილება აქვს ოპოზიციაში, ზუსტად დღევანდელი სისტემის გარდაქმნა პირდაპირ ბარიერიან პროპორციულ არჩევნებზე ახლა, ზუსტად ეს შეიცავს რისკებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა აიყვანოს სატელიტურ ტყვეობაში. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. ჩვენც რომ არ ვიყოთ, არც დანარჩენი ოპოზიცია და საზოგადოება არ მისცემს ამის საშუალებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.