არჩილ თალაკვაძე - ოპონენტები კვლავ ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ
არჩილ თალაკვაძე - ოპონენტები კვლავ ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად, დემოკრატიულად და სამართლიანად მიმდინარეობს.

ამის შესახებ მან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპონენტები წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულ კამპანიას აგრძელებენ და კვლავ ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ჩვენი ოპონენტები, მათი წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულ კამპანიას აგრძელებენ და კვლავაც ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ. მათი რიტორიკა ნათლად ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს და ისინი გარდაუვალი მარცხისთვის სწორედ ამ გზით ცდილობენ წინასწარ თავის გამართლებას. ჩვენო თანამოქალაქეებო, მთაწმინდელებო, გთხოვთ მაქსიმალურ აქტიურობას, თითოეული თქვენგანის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, არამედ დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვოთ. მივმართავთ „ქართული ოცნების“ აქტივსაც, იმუშავეთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას, პროვოკაციებს კანონისმიერი მეთოდებით უპასუხეთ. ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. ნამდვილად არავის მისცეთ საშუალება დისონანსი შეიტანოს პროცესში, რომელიც დილიდან მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ღირსეულ, დამაჯერებელ გამარჯვებას კიდევ ერთხელ ყველა ერთად ვიზეიმებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.