არჩილ თალაკვაძე - „ომეგას“ საქმეზე „რუსთავი 2-ის“ მოდელირებული ქრონიკა ჩიხში შევიდა და ახლა ახალი სერიალი გადაიღეს
„ომეგას“ საქმეზე „რუსთავი 2-ის“ მოდელირებული ქრონიკა ჩიხში შევიდა და ახლა ახალი სერიალი გადაიღეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ომეგას“ საქმეზეც იმით დაიწყო, რომ ხელისუფლებას ტელევიზიის მითვისება უნდოდა, მაგრამ ორ დღეში გაირკვა, რომ ხალხი ამას არ იჯერებს და შემდეგ ახალი სერია გამოუშვეს.
„ამ ახალ სერიაში ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას ოთხი მილიონის ქრთამის აღება სურდა, მაგრამ იმ ორ დღეშივე გაირკვა, რომ „ომეგა ჯგუფს“ იმ დროისთვის ექვსი მილიონი ჰქონდა გადასახდელი და ალოგიკური იყო, ვინმეს ოთხი მილიონი ექვსი მილიონის განვადებაში გადაეხადა. ეს ტყუილიც რომ ამოეწურათ, მერე მესამე ტყუილზე გადავიდნენ, თითქოს, რაღაც ჩარევას ჰქონდა ადგილი და ხელისუფლებას ბიზნესი სურდა, მაგრამ ყველამ ნახა, რომ ამ ბიზნესს 50 მილიონი ბიუჯეტის ვალი ჰქონდა, 80 მილიონი კი ბანკის, ანუ ბიზნესი არ არსებობდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.