არჩილ თალაკვაძე - ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან პოზიტიური შეხვედრა შედგა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ევროკავშირის მხრიდან ძალიან ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა აქვს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ევროკომისარმა გაგვიზიარა, ის არის, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის ოთხწლიან გეგმაზე მუშაობა, რომლის თანახმად, საქართველო დაახლოებით 4 მლრდ ევროს ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებს. ეს მოხმარდება ბიზნესსექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის მდგრად აღდგენას. თავისთავად, ეს გაზრდის ჩვენი მოქალაქეებისთვის შემოსავლებსა და საქართველოს მეტ ინტეგრაციას მოახდენს ევროპულ ბაზარში. გაზრდის ექსპორტს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამ მიმართულებით ევროკავშირთან ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ ახალ გამოწვევებზე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, ეს არის ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს თანამოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ძირითადი დრო დაეთმო საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და პარლამენტის საქმიანობაზე საუბარს. ასევე შარლ მიშელის გეგმის განხორციელებას, სადაც კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა. ჩვენ კომისარს მადლობა გადავუხადეთ მისი პირადი ჩართულობისთვის, ვინაიდან პოლიტიკური დიალოგის დროს აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს და მან მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა, რომ პარტიები უნდა დაბრუნებულიყვნენ პარლამენტში და პოლიტიკური პროცესი მხოლოდ პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. შესაბამისად, ამ შეხვედრას პოზიტიურად შევაფასებ. კომისრის ვიზიტი საქართველოში არის ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.