არჩილ თალაკვაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაც ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციასა და რუსეთის პრეზიდენტს აქვს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაც ხდება, ყველაფერზე პასუხისმგბელობა აქვს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპაციაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
საუბარია განცხადებაზე, სადაც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე- მიხეილ სააკაშვილი.
თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული განვითარებითა და ხალხის მხარდაჭერით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს.
„რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ. ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება და აქ არის არჩილ ტატუნაშვილის საფლავი, ყველაფერზე პასუხისმგბელობა, რასაკვირველია, აქვს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპაციაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტს.
რაც შეეხება აგვისტოს ომთან დაკავშირებით შეფასებებს, ჯარისკაცებმა იბრძოლეს ბოლომდე, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, მოსახლეობამ განიცადა დიდი ტანჯვა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარებით, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უზრუველყოფს, ასევე ხალხის მხარდაჭერით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.